როდის განახლდება გალის შეხვედრები – „მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს“

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები, რომლებიც 2018 წლის ივლისიდან აღარ იმართება, სავარაუდოდ, 2020 წლის იანვრიდან განახლდება.
ყოველ შემთხვევაში შესაბამისი პროგრამა, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა დადგენილებით დაამტკიცა. გეგმა გულისხმობს ჟენევის დისკუსიებში აფხაზური დელეგაციის მონაწილეობას, ასევე ქალაქ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში ყოველთვიურ მონაწილეობას. ე.წ. დადგენილება ძალაში 2020 წლის 1-ლი იანვრიდან შევა, ე.წ. საგარეო უწყებამ კი დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტს პროგრამის რეალიზაციის შესახებ ანგარიში 2020 წლის 1–ელ სექტემბრამდე უნდა მიაწოდოს.
„კვირა“ დაინტერესდა არის თუ არა ინფორმირებული საქართველოს შესაბამისი უწყებები შეხვედრების განახლების სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში „კვირას“ განუცხადეს, რომ „საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს“, თუმცა სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს.
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 57–ე შეხვედრა 2018 წლის 27 ივნისს ჩაიშალა. შეხვედრის ჩაშლის მიზეზი გახდა ის, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებისთანავე დააყენეს ულტიმატუმი, რომ არ უნდა განხილულიყო გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი. თუმცა მათი პირობა არ შესრულდა და დელეგაციამ შეხვედრა დაწყებიდან მალევე დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები