იური ნოზაძე, ბესიკ ამირანაშვილი, გიორგი კოპაძე და მიხეილ ყაველაშვილი ბაკურიანისა და დაბა წაღვერის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე- იური ნოზაძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული  – ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი – გიორგი კოპაძე და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ ყაველაშვილი ბაკურიანისა და დაბა წაღვერის სოფლების – მზეთამზესა და ტიმოთესუბნის მოსახლეობას შეხვდნენ.
მოსახლეობამ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფლებში არსებული მდგომარეობა და საჭიროებები გააცნო.
სასმელი და სარწყავი წყლის სისტემა, გაზიფიცირება, გზების რეაბილიტაცია, საძოვრებისკენ მომავალი გზები, საშეშე მერქნით უზრუნველყოფა – ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომლებზეც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ ისაუბრეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე  იური ნოზაძემ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია და მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა.
„დღევანდელ შეხვედრაზე  ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას  სასმელი წყლით მომარაგებისა და საკანალიზაციო არხების მოწყობის პრობლემა გამოიკვეთა, რომლის გათვალისწინებაც მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოხდება. ასევე, დაისვა ტყეკაფების დროულად გამოყოფის საკითხი, მოსახლეობის შეშით მომარაგების მიზნით. ეროვნული სატყეო სააგენტო მაქსიმალურად ცდილობს, მოსახლეობას გაუმარტივოს შეშის მოპოვების პროცედურა, რაც, რეგიონული სატყეო სამსახურის თანამშრომლების დახმარებით, უკვე გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მასალის ნებისმიერ დროს გამოტანის შესაძლებლობაში გამოიხატება. ასეთ ფორმატში მოსახლეობასთან შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, მათი საჭიროებები მოვისმონოთ და მხარდამჭერი პროექტების ფორმირებისას გავითვალისწინოთ“, – განაცხადა იური ნოზაძემ.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ანალოგიური ფორმატის შეხვედრებს სხვა მუნიციპალიტეტებშიც მართავენ.

კომენტარები

კომენტარი