“ასე ცუდად 10-ბალიანი შტორმის დროსაც არ ვყოფილვარ” – 79 წლის ლევან სალუქვაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

0

„მე სიგიჟემდე მიყვარდა ზღვა, ყველა კონტინენტზე ვარ ნამყოფი, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი ახალგაზრდების სპორტულ აღზრდას ვემსახურებოდი“, – იხსენებს “ჩერნოვეცკის ფონდის” ბენეფიციარი, ლევან სალუქვაძე. დღეს იგი 79 წლისაა და სიბერეს მარტოობასა და სიღარიბეში ატარებს.
„არასდროს ვყოფილვარ ასე ცუდად, არც 10-ბალიანი შტორმის დროს, როდესაც სიკვდილს ვებრძოდი“, – ამბობს ყოფილი მეზღვაური.
მეგობრებო, აბა, როგორ უნდა ეყოს ავადმყოფ ადამიანს პენსიის 200 ლარი და 60 ლარის ოდენობის სოციალური შემწეობა?
„პენსია და შემწეობის თანხა წამლებში მეხარჯება, ხანდახან, საჭმლის ფულიც არ მრჩება, ამას ზღვაში შტორმის დროს დახრჩობა სჯობდა. ამასწინათ, „საქტრანსგაზიდან“ მოვიდნენ და გამათბობელი მომიხსნეს, ძველი არისო და არ შეიძლებაო, გაზიც გათიშეს. ვარ ახლა ცხელი წყლის გარეშე, უამრავი ავადმყოფობა მაწუხებს, მათ შორის – გულის, გადატანილი მაქვს ინსულტი. არავინ ჩემ ირგვლივ არ არის, ძალიან მიჭირს“, – ამბობს იგი.
– მოგვიყევით თქვენი ცხოვრების შესახებ, როდის გახდით მეზღვაური?
ლევან სალუქვაძე: საზღვაო სასწავლებელი დავამთავრე, ჯერ იუნგა ვიყავი, შემდეგ – მეზღვაური, სულ ბოლოს კი დიდი ლაინერების კაპიტნის თანაშემწე. დიახ, მთელი ჩემი ცხოვრება სანაოსნო საქმეს მივუძღვენი.
– რატომ დარჩით სიბერეში მარტო?
ლევან სალუქვაძე: მეუღლემ ვერ გაუძლო ჩემი ცხოვრების რიტმს. ქალიშვილი იტალიაში გათხოვდა და დავრჩი მარტო…
– რაზე ოცნებობს ყოფილი მეზღვაური?
ლევან სალუქვაძე: მე ვოცნებობ, რომ კიდევ ერთხელ ვიხილო ზღვა, რომ კიდევ ერთხელ მაინც შევდგა ფეხი გემის ბაქანზე. ვიცი, რომ ეს არარეალურია, რადგან ისეთი გამწარებული ცხოვრება მაქვს სიბერეში, რომ ამ ოცნებებით წავალ საიქიოში…
– როდის დაანებეთ თავი ნაოსნობას?
ლევან სალუქვაძე: საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ნაოსნობა მოიშალა, ფაქტობრივად. 90-იან წლებში დავრჩი საყვარელი საქმის გარეშე, თუმცა სპორტსკოლას ჩავუდექი სათავეში და მომავალ თაობას ვზრდიდი ცხოვრების ჯანსაღი წესის სიყვარულით. ახალგაზრდობაში მე სპორტსმენიც ვიყავი, კერძოდ ხუთჭიდში. აი, კიდევ სული რომ მიდგას, ეს სპორტული წარსულის დამსახურებაა.
– ხართ კმაყოფილი “ჩერნოვეცკის ფონდის” „შინ მოვლის“ პროგრამით?
ლევან სალუქვაძე: ძალიან კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებულად კმაყოფილი ვარ თქვენი მედპერსონალით, ძალიან მიყვარს ექიმი მანანა ვარდიაშვილი. მისი ყოველი ვიზიტი ჩემთვის არის დღესასწაული. დიდი მადლობა, აგრეთვე, ფონდის ექთანსა და სოციალურ მუშაკს. ისინი ნამდვილად რომ დიდ საქმეს აკეთებენ. მე ვარ მოწმე.
მეგობრებო, მოდით, ამოვიყვანოთ მარტოობისა და სიღარიბის ფსკერიდან ყოფილი მეზღვაური, გავუწოდოთ მას დახმარების ხელი და ვაჩუქოთ მომავლის იმედი! მას ბევრი რამ ესაჭიროება: საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, ჭურჭელი, თეთრეული, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და, რაც მთავარია – ადამიანური ყურადღება. თუ არ გაქვთ მატერიალურად დახმარების საშუალება, შეგიძლიათ, გააზიაროთ ეს მასალა. ესეც დიდი დახმარებაა. რაც მეტი თქვენი მეგობარი წაიკითხავს ამ ისტორიას, მით უფრო რეალურია ხანდაზმული ადამიანის დახმარების შანსი.
ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლევან სალუქვაძე).

კომენტარები

კომენტარი