ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდნენ

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების: ლელიანის, აფენისა და ჭაბუკიანის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერ იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ პროექტებით მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელა.
„მოსახლეობას ვესაუბრეთ იმ პროგრამებზე, რომლებსაც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ახორციელებს. ჩვენი მიზანია, რომ უფრო მეტი ბენეფიციარი გვყავდეს და ფერმერებმა უფრო აქტიურად ისარგებლონ სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამებით. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მელიორაციის მიმართულებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. მუნიციპალიტეტს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს ეთერზეთოვანი კულტურებისა და სასათბურე და სამაცივრო მეურნეობების განვითარებისა. ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რაც, საბოლოოდ, პოზიტიურ შედეგამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაწევრიანების დადებით მხარეებზეც ესაუბრა და სასაწყობო, სამაცივრო და გადამმუშავებელი მეურნეობების განვითარების პოტენციალი გააცნო.
ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა  ყურადღება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ სოფლის მხარდაჭერის პროექტებზე გაამახვილა და მათ ეფექტიანობაზე ისაუბრა.
სოფელ ლელიანის, აფენისა და ჭაბუკიანის მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად სასმელი წყლის, სარწყავი სისტემისა და დაურეგისტრირებელი მიწების პრობლემების მოგვარება დაასახელა. ასევე, დაინტერესდნენ ყურძნის ჩაბარების საპროგნოზო ფასებით, რომელთან დაკავშირებითაც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ფერმერებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნებათ.
მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში  მაქსიმალურად მოხდება შეხვედრაზე გამოკვეთილი პრობლემური საკითხების გათვალისწინება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები