ხელისუფლების წარმომადგენლები ოძისის, მჭადიჯვრისა და შუახევის მოსახლეობას შეხვდნენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ტრიპოლსკი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ოძისში, მჭადიჯვარსა და შუახევში იმყოფებოდნენ. მათ ადგილობრივებისთვის აქტუალური საკითხები მოისმინეს. ისაუბრეს სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ პროგრამებზე, რომელთა მიზანი მოსახლეობის მხარდაჭერაა. ასევე, ერთობლივად იმსჯელეს სოფლებში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან ერთად, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრეს და შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს. ოძისში, რამდენიმე თვის წინ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გაიხსნა. სოფელში საბავშვო ბაღი ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. დასრულდა დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. კეთილმოეწყო სოფელ ოძისის საჯარო სკოლაც. გასულ წელს, მჭადიჯვარში, სასმელი წყლის ჭაბურღილი მოეწყო და საუბნო ონკანები დამონტაჟდა. პროექტის განხორციელებით ადგილობრივებს წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ. ასევე, კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა სოფელში არსებულ ამბულატორიას. ქვემო შუახევში გარე განათებების მონტაჟი დასრულდა. უახლოეს პერიოდში დაიწყება სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზემო შუახევში.
შეხვედრებზე იმსჯელეს სოფლებში სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მთავარ საჭიროებებად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და წყალმომარაგების გაუმჯობესება დაასახელეს. მათ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მხარდაჭერის პირობა მიიღეს.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მჭიდრო კომუნიკაცია მოსახლეობასთან მიზნად ისახავს რეგიონებში არსებული პრიორიტეტების გამოკვეთას და მათ სამოქმედო გეგმაში ასახვას. შეხვედრები მცხეთა-მთიანეთში შემავალ ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები