შვეიცარიის საჰაერო ძალების გამანადგურებელი პუტინის დელეგაციის თვითმფრინავს მიუახლოვდა
ჟენევის ცაზე შვეიცარიის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი რუსეთის პრეზიდენტის დელეგაციის წევრების თვითმფრინავს მიუახლოვდა და ის შვეიცარია-საფრანგეთის საჰაერო სივრცის საზღვრამდე მიაცილა.
ამსახველი ვიდეოკადრები მედიაში გავრცელდა.
რუსეთის დელეგაციის წევრები მარსელში, პუტინისა და მაკრონის მოლაპარაკებზე მიფრინავდნენ.
თვითმფრინავის ბორტზე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე – იური უშაკოვი, პრესმდივანი – დიმიტრი პესკოვი, ასევე, პროსამთავრობო არხების ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.
პესკოვის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც შვეიცარიის საჰაერო ძალები ასეთ ქმედებას მიმართავენ.
„ასეთი უკვე მომხდარა. ეს ცუდი არ არის. ნოტები გაგვიგზავნია და შვეიცარიელებმა გვიპასუხეს, რომ ასეთი სტუმართმასპინძლობაა“, – აღნიშნა პესკოვმა.
შვეიცარიაში კი განაცხადეს, რომ მომხდარი „რუტინული პროცედურაა“.
13 აგვისტოს ბალტიის ზღვის ნეიტრალური ტერიტორიულ წყლებში ნატოს გამანადგურებელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თვითმფრინავს მიუახლოვდა.
როგორც მოგვიანებით ალიანსში განაცხადეს, თვითმფრინავი ნატო-ს ტერიტორიასთან ახლოს მიფრინავდა.