გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ. საზღვრის მონტაჟს აგრძელებენ – რას აცხადებს გორის მერი
სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ. საზღვრის მონტაჟს აგრძელებენ. ოკუპანტებმა ტერიტორიაზე რკინის ბოძები სატვირთო მანქანებით მიიტანეს და უკანონო ბორდერიზაციას ახორციელებენ.
ადგილზე გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი იმყოფებოდა. ის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს გაესაუბრა, რის შემდეგაც მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ყველა უწყება ჩართულია, რომ შეჩერდეს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და კიდევ უფრო მეტად არ დაზარალდეს მოსახლეობა.
„სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარის განაპირას კვლავ განაახლეს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, რაც მკვეთრად ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმას და მნიშვნელოვნად აზარალებს აქ მცხოვრებელთა მდგომარეობას. ყველა უწყება ჩართულია, რომ შეჩერდეს ბორდერიზაციის ეს უკანონო პროცესი და კიდევ უფრო მეტად არ დაზარალდეს მოსახლეობა”, – აცხადებს გორის მერი.
რაც შეეხება ოკუპანტების მიერ დაკავებულ რვა მოქალაქეს – მერის თქმით, ამ მიმართულებითაც ყველა ბერკეტის გამოყენება ხდება, რომ უმოკლეს დროში მოხდეს მათი გათავისუფლება.