მარაბდაში ცხრა ძმა ხერხეულიძისა და 9 ათას დაღუპულ ქართველთა ხსოვნას პატივი მიაგეს
თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მარაბდის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიაში მარაბდის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.
„აქ განისვენებს შაჰ-აბასის ურდოთა წინააღმდეგ 1625 წელს მარაბდის ომში დაღუპული ცხრა ძმა ხერხეულიძე“, – გვამცნობდა წარწერა.
წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიის ეზოში პარაკლისი გადაიხადა ეკლესიის მღვდელმა შენგელი გოცირიძემ.
„მარაბდელთა საძმომ“, რომელიც 4 წლის წინ დაარსდა და სამაჩაბლოდან დევნილებს აერთიანებს, ყვავილებით შეამკო დაღუპულ გმირთა საფლავები. ეს მოძრაობა დააარსა და შეხვედრა ტრადიციად აქცია ცხინვალის მკვიდრმა, აწ განსვენებულმა ენრიკო კვაღინაძემ. მის გზას დღეს ღირსეულად აგრძელებს დევნილი შიდა ქართლის მოსახლეობა – დიდი და პატარა ლიახველები, ფრონეს ხეობელები…
ნუგზარ კახნიაშვილი, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე:
„ბატონმა ენრიკომ ანდერძი დატოვა, სამაჩაბლოელებს ეს ტრადიცია არ მოგვეშალა. უკვე 4 წელია, არ გაგვიცდენია არცერთი წელი. პირიქით, ჩვენი ვალდებულება და მოვალეობაა, გავიხსენოთ მარაბდელი გმირები. ეკლებს მაყრის, როცა ვიხსენებ ჩვენს წინაპრებს, 9 ათას კაცს, მათ შორის 9 ძმა ხერხეულიძეს დროშით ხელში. დროშა ჩვენი მეომრების, მებრძოლების ღირსების სიმბოლო იყო. ისინი გმირულად დაეცნენ ისე, რომ დროშა ხელიდან არ გაუშვიათ…
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ხეობელებს, ფრონეს, ერედვს, რომ 16 აგვისტო ტრადიციად აქციეს. ბოლო წლებია, ვიკრიბებით და პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას.
სპარტაკ პეტრიაშვილი, თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი:
„მოგეხსენებათ, საფლავებთან ვეღარ მივდივართ. ხერხეულიძეები ხომ წარმოშობით ფრონეს ხეობიდან არიან და ჩვენს უპირველეს მოვალეობად მიმაჩნია ამ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკვა!
მიხარია ჩვენი სიმრავლე და ერთიანობა, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება დღეს ქართველებს და განსაკუთრებით დევნილ მოსახლეობას. ერთი წუთითაც არ მივატოვებთ დაბრუნებაზე ფიქრს! ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა დაინახონ ჩვენი ერთად ყოფნა, ჩვენგან უნდა ისწავლონ ამ მიწის სიყვარული. აუცილებლად დავბრუნდებით!“
შენგელი გოცირიძე, მარაბდის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიის მღვდელი:
„წირვა აღვასრულეთ ვილოცეთ, პარაკლისი გადავიხადეთ და ვთხოვეთ უფალს, რომ გაგვაძლიეროს, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო გააძლიეროს, ჩვენი პატრიარქი გვიჯანმრთელოს…
„გაამწვანე საქართველო“ – პატრიარქის კურთხევით შექმნილმა პროექტმა საშუალება მოგვცა, ორი წლის წინ ნერგები დაგვერგო. 520 ძირი ნერგი მოვიტანე და ქართულმა ჯარმა მიიღო მონაწილეობდა ეზოს გამწვანებაში. ნერგები ირწყვება, მადლობა უფალს, ხეები შენარჩუნებულია.
ადრე წესი იყო, ტაძარში ან ტაძრის ეზოში კრძალავდნენ გარდაცვლილებს. სწორედ აქ მოიყვანეს ხერხეულიძეები და დაკრძალეს, აქ ქვებია განლაგებული. მათ შორის გამოირჩევა ცხრა საფლავის ქვა, მათი საფლავების გვერდით პატარა ქვებია ბოლნური ჯვრებით. ვიცით, სად მარხია უფროსი ძმა აღათანგ ხერხეულიძე, რომელიც მხედარმთავარი იყო. მისი საფლავი გამორჩეულია, ეტყობა, რომ აქ განისვენებს მაღალი წოდების პიროვნება“…
დავით ყაზახაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი:
„გული მეწვის, ისეთი გმირები გვყავს, ცხრა ძმა ხერხეულიძე, შინდისის გმირები, ამავდროულად, სული მევსება სიამაყით, იმიტომ, რომ არ შეიძლება, ცხრა ძმა ხერხეულიძის ერი გამარჯვების ერი არ იყოს.
აქ ბრძანეს, რომ ჩვენ დავბრუნდებითო, მე ცხინვალიდან ვარ და ნამდვილად მჯერა, რომ დავბრუნდები ცხინვალში. მეამაყებით, დიდი მადლობა, რომ ჩამოყალიბდა ტრადიცია, მეც თქვენ გვერდით მიგულეთ“.
თითოეული ქართველის ვალია აქ მოსვლა, ისეთი ვაჟკაცებისა და გმირების სამშობლოა საქართველო, უფრო მეტი ხალხი უნდა იყოს აქ, – ასეთი იყო გამომსვლელთა სულისკვეთება.
სიტყვით გამოვიდნენ: „მარაბდელთა საძმოს“ სულისჩამდგმელი, პოეტი ციცინო ბაბუციძე, თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი სპარტაკ პეტრიაშვილი, ერედვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ალიკა მაისურაძე, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებული ნუგზარ ყაულაშვილი, ხელოვანი ნინო სალუქვაძე, პოეტი და მთარგმნელი ირინე გოჩაშვილი, პოეტი თამარ შაიშმელაშვილი…
ამ დღეს მომღერალ თინათინ ჭულუხაძის ჰანგები მოეფინა მარაბდას…
„ეს დღე- 16 აგვისტო იყოს არა მხოლოდ მარაბდელების, ჩვენს ხეობაში მიტოვებულ საფლავებში განსვენებულთა ხსოვნის დღე და, ამავდროულად, ჩვენი ერთსულოვნების დღე“, – აღნიშნა ციცინო ბაბუციძემ. მანვე გადასცა ყველა იქ მყოფს სიგელი, რომლითაც ,,მარაბდელთა საძმო” აჯილდოებს ღონისძიების მონაწილეებს, მარაბდელთა ხსოვნისა და მამულიშვილური მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.
გარიჟრაჟზე დაწყებული ბრძოლა გვიან ღამით ქართველთა მარცხით დამთავრდა.
ცხრა ძმა ხერხეულიძე ქართულ დროშას დარაჯობდა, ცხრავე გმირულად დაეცა მარაბდის ველზე, შემდეგ ნაბოლარა დამ აიტაცა დიდგორსა და ბასიანში გამოვლილი დროშა და როცა მასაც მისწვდა მტრის მახვილი, დედამ აღმართა საუკუნეების ქარცეცხლში გამოტარებული დროშა…
1625 წლის 1 ივლისს მარაბდის ველზე მკერდგანგმირული იწვა ქრისტეს და მამულისთვის თავდადებული ცხრა ათასი ქართველი: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსები – რუსთველი და ხარჭშნილი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, დედა მათი და ერთადერთი და, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი…
საქართველოს ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა რჯულსა და მამულისათვის თავდადებული მამულიშვილები.
ცხრა ძმა ხერხეულიძე მარაბდის ბრძოლაში 1625 წლის 1-ელ ივლისს დაიღუპა. დაკრძალულნი არიან იქვე, ძველი მარაბდის განაპირას, წმ. მარინეს ეკლესიის ეზოში.
„იყოს კურთხეულ აწ და მარადის, მიწა ასპინძის, მიწა მარაბდის… იყოს კურთხეულ!“
თამარ შაიშმელაშვილი
ავტორის ფოტოები