ზელენსკი კრემლის მიერ პოლიტიკური მოტივით დევნილ პირებს უკრაინის მოქალაქეობას მისცემს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას კანონპროექტის მომზადება დაავალა, რომლის მიხედვითაც პირები, ასევე, მათი შვილები, რომლებიც რუსეთში პოლიტიკური მოტივით იდევნებიან, უკრაინის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ.
ზელენსკის შესაბამისი ბრძანება ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, გამარტივებული წესით უკრაინის მოქალაქეობას იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც მიიღებენ, რომლებიც „უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ“.
ზელენსკის განცხადებით, მისი ინიციატივა მოქალაქეთა „უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას უზრუნველყოფს“.
კანონპროექტის მიხედვით, უკრაინის მოქალაქეობის მიღების მსურველებმა ამჟამინდელ მოქალაქეობაზე უარი უნდა თქვან, ასევე, პოლიტიკური დევნის შესახებ დოკუმენტური მტკიცებულება წარადგინონ.
უკრაინის მოქალაქეობის მიღება შესაძლებელი იქნება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში ან დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.
ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილი კანონპროექტი 1-ელ მაისს კრემლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოა, რომლის მიხედვითაც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით აძლევენ.
რუსეთ-უკრაინის 2014 წლის კონფლიქტის დაწყებიდან, უკრაინაში საცხოვრებლად პოლიტიკური მოსაზრებების გამო, რუსეთის მოქალაქეები გადავიდნენ, მათ შორის არიან რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი დიმიტრი შიპილოვი, დუმის დეპუტატები – მარია მაკსაკოვა და დენის ვორონენკოვი, რომელიც ორი წლის წინ მოკლეს; ასევე, ჟურნალისტები – მარია გაიდაი და მატვეი განაპოლსკი, ასევე, დუმის ყოფილი დეპუტატი, ოპოზიციის აქტივისტი – ილია პონომარიოვი.