როდის განახლდება რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა – რუსული მედია თარიღს ასახელებს

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა, სულ მცირე, 2020 წლის ოქტომბრამდე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე ვერ აღდგება.
ამის შესახებ რუსულ „იზვესტიას“ დიპლომატიურ წრეებში წყარომ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ვითარება რადიკალურად არ შეიცვლება.
„ქვეყანაში არსებული ვითარება ხელს არ უწყობს იმას, რომ იქ, ამჟამად, რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ. რუსეთმა ფრენების აღსადგენად პირობები დაასახელა – რუსოფობური პოლიტიკისა და რიტორიკის შეწყვეტა, მათ შორის – საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც. ამ საკითხში წინსვლა არ შეინიშნება, ამიტომ, მინიმუმ, ერთი წლის განმავლობაში ავიამიმოსვლა აღდგენილი ვერ იქნება. დიდი ალბათობით, ეს საქართევლოში ჩანიშნული 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე ვერ მოხერხდება. სახელმწიფო დონეზე უნდა შეწყდეს ანტირუსული პოლიტიკა, ამის გარეშე რუს ტურისტებს ვერ მივცემთ რეკომენდაციას, ჩავიდნენ საქართველოში და, რაც მთავარია, ამ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების ყოფნით მშვიდად ვერ ვიქნებით“, – აღნიშნა წყარომ.
კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, სერგეი გავრილოვის ინციდენტის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ “ცეცხლზე ნავთი დაასხა”.
„პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინციდენტზე საუბრისას არა თუ დაასრულა არავისთვის სასურველი კონფლიქტი, არამედ კონფრონტაციას ახალი საბაბი მისცა“, – განაცხადა გამოცემის წყარომ.
როგორც სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, ქვეყნის ხელისუფლება საზოგადოებაში არსებულ რუსოფობურ პრობლემას მარტივად ვერ მოაგვარებს, რადგანაც თავად შეუწყო ხელი დაძაბულობის ზრდას“.
გარდა ამისა, როგორც გამოცემას რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის ვიცეპრეზიდენტმა, იური ბარზიკინმა განუცხადა, რუსეთიდან საქართველოში ტურნაკადი 70%-ით შემცირდა.
მისი თქმით, საქართევლოში რუსი ტურისტები ჩასვლას სახმელეთო ან მესამე ქვეყნების გავლით ახერხებენ. თუმცა, აღნიშნავს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენისთვის საკმარისი წინაპირობა არ არის და უახლოეს დროში ვერ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები