ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა – რას აცხადებს “რუსთავი 2”- ის ყოფილი გენდირექტორი

თბილისის საქალაქო სასამართლომ “რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად გირაოს – 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ამასთან, მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და სამართალდამცავი ორგანოს ნებართვის გარეშე, ნიკა გვარამიას საქართველოს საზღვრის დატოვება აეკრძალა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს თანხა გვარამიამ 30 დღეში უნდა დაფაროს, თუმცა “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ გირაოს არ გადაიხდის. გენერალური პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიებად 80 000- ლარიან გირაოს ითხოვდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 სექტემბერს ჩაინიშნა. ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. “ვფიქრობ, რომ ყველაფერი სახეზეა. მართალი გითხრათ, ჩემთვის ძალიან ხელსაყრელია ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ამას დიდებულად ჩამოვწერ და ყველა მიხვდება, რომ პოლიტიკური საქმეა, მაგრამ ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. ყველა მიხვდება, რომ პოლიტიკური საქმეა, იმიტომ, რომ ყველა ქვეყნის კანონმდებლობასა და ყველა სისტემაში, ბრიტანულ-ამერიკულით დაწყებული, გერმანულ-ფრანგულით დამთავრებული, ასეთი რამ არ შეიძლება, რომ სამოქალაქო სამართალში შეჩხირო სისხლის სამართალი. ჩემთვის რა? პოლიტიკურ დევნილობას „მივაწვები“, იმიტომ, რომ ვარ. ეგრეა!“ – განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები