ექსპერტი ოთარ ანგურიძე ტურიზმის შემოსავლების სტატისტიკაზე განმარტებას აკეთებს

ეკონომიკის ექსპერტი, ოთარ ანგურიძე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, „გალთ ენდ თაგარტისა“ და „თიბისი რისერჩის“ მიერ გამოქვეყნებულ ტურიზმის შემოსავლების სტატისტიკას ეხმიანება, რომელიც 2019 წლის ივლისის თვის მაჩვენებლებს ასახავს. შესაბამის პოსტს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
მისი შეფასებით, ორი უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანიის მონაცემები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც, მისი აზრით, სანდოობის მაჩვენებელს ამცირებს. რაც შეეხება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას – ანგურიძე მიიჩნევს, რომ ამ უკანასკნელის მიერ კვლევის დროს გამოყენებული მეთოდოლოგია “გამოიყენება მთლიანი ეკონომიკური ეფექტის შესაფასებლად და მოიცავს არა მხოლოდ ვიზიტორებს, არამედ მოგზაურების მთლიან რაოდენობას”, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნის შემოსავლის დაანგარიშებისთვის.
“ტურიზმის შემოსავლების სტატისტიკამ, რომელიც 2019 წლის ივლისის მაჩვენებლებს ასახავს, საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია. დასახელდა სამი განსხვავებული მაჩვენებელი, ამასთან, ორი ეკუთვნის უმსხვილეს საკონსულტაციო კომპანიებს, რომელთა შეფასებებითაც ქართველი და უცხოელი ინვესტორები სარგებლობენ. ამ ორი კომპანიის მაჩვენებლები ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდება – ერთი მეორისგან 4-ჯერ მეტია. „გალთ ენდ თაგარტის“ ვერსიით, ივლისში ტურიზმიდან შემოსავალი, დაახლოებით, 5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო „თიბისი რისერჩის“ – ის თანახმად, 20 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. ან ერთია მართალი, ან მეორე, ან – არცერთი. ყოველ შემთხვევაში, დიდი ეჭვია, რომ ორივე კომპანიის მეთოდოლოგია „შეკეთებას“ საჭიროებს.
რაც შეეხება მეთოდოლოგიას, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სექტორის შემოსავლების კლების მონაცემი გამოაქვეყნა – გამოიყენება მთლიანი ეკონომიკური ეფექტის შესაფასებლად და მოიცავს არა მხოლოდ ვიზიტორებს, არამედ მოგზაურების მთლიან რაოდენობას (რეგულარული და 15 წლამდე ასაკის მოგზაურების ჩათვლით.). მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლების შეფასება ასახავს მთლიან სავალუტო შემოდინებას, რომელსაც იღებს საქართველო და რომელიც წარმოადგენს მიმდინარე ანგარიშის მნიშვნელოვან კომპონენტს.
სწორედ ამ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მოგზაურების შემოსავლები 2019 წლის ივლისში 375 მლნ დოლარს შეადგენდა, ხოლო წინა წელთან შედარებით დანაკლისი 58 მილიონი იყო”, – წერს ანგურიძე​ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები