ირაკლი ჩიქოვანი: ხელისუფლება, რომელმაც ხელი შეუწყო რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო გეგმების განხორციელებას, ანტისაოკუპაციო ძალად ვერ მოგვევლინება

0

„ხელისუფლება, რომელმაც ხელი შეუწყო რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო გეგმების განხორციელებას, ანტისაოკუპაციო ძალად ვერ მოგვევლინება“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, 2018 წელს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაა დაფიქსირებული. დღესდღეობით, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო რეზოლუცია, რომელიც მიღებულია ამერიკის კონგრესის მიერ, რომელიც პირდაპირ სანქციებს უწესებს იმ პირებსა და იმ ქვეყნებს და კრძალავს მათთან თანამშრომლობას, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ უჭერს მხარს.
მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა  განაგრძობს საქართველოს გვერდით ყოფნას.
„2018 წელს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც დაფიქსირებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და დაგმობილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.
ევროპის საბჭოში უკვე გვაქვს ყოველწლიური გადაწყვეტილებები, სადაც ადამიანის უფლებებზეა საუბარი, რომელიც არის უპრეცედენტო, მხოლოდ ერთი იყო – 2008 წელს. ამის შემდეგ, ევროპის საბჭოში ასეთი რაღაცები არ ყოფილა და წელს უკვე ყოველწლიური გვაქვს.
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი კვლავაც უფრო მეტ მხარდაჭერას იძენს და საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო მეტი წარმომადგენელი უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა.
დღესდღეობით, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო რეზოლუცია, რომელიც მიღებულია ამერიკის კონგრესის მიერ, რომელიც პირდაპირ სანქციებს უწესებს იმ პირებსა და იმ ქვეყნებს და კრძალავს მათთან თანამშრომლობას, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ უჭერს მხარს.
არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს არის რთული პროცესი. კარგად გვესმის, რომ ვუპირისპირდებით რფ-ს საგარეო გავლენებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს საკუთარ პარტნიორებთან ერთად, აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა და ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ვითარებაში, რომ ამ მიმართულებით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე არ ემუქრება“, – ამბობს ჩიქოვანი.
პრემიერის მრჩეველმა ყოფილი ხელისუფლების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას, პრაქტიკულად, მეგობარი და მოკავშირე არ ჰყავს და ამის მაგალითად სააკაშვილის ინტერვიუ მოიყვანა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პრაქტიკულად, მთელი მსოფლიოს ლიდერებს შეურაცხყოფას აყენებს.
ჩიქოვანის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა იყო და განაგრძობს საქართველოს გვერდით ყოფნას. მათ საქართველოში მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინტერესი აქვთ, მაგრამ, როგორც გამოჩნდა, „საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას, პრაქტიკულად მეგობარი და მოკავშირე არ ჰყავს“.
პრემიერის მრჩევლის თქმით, ამის ნათელი მაგალითი სააკაშვილის დღეს გამოქვეყნებული ინტერვიუა, სადაც მან „პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს ლიდერებს შეურაცხყოფა მიაყენა“.
ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ფერად რევოლუციებს გარკვეული ნდობა ჰქონდა, თუმცა „2008 წლისთვის ყველა ხედავდა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც სპონტანურად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და იყვნენ ადამიანები, რომელთა ნდობაც ძალიან რთული იყო.
მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით, 2012 წელს მნიშვნელოვანი შემოტრიალება მოხდა.
„საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი, რომლის ნდობაც შეიძლება და რომელთანაც შეიძლება სტაბილურობაზე საუბარი და რომელსაც აქვს რეალური წარმოდგენა იმაზე, როგორი საგარეო პოლიტიკა უნდა აწარმოოს, რომ მიღწეულ იქნას ქვეყნის მთავარი მიზანი – ქვეყნის დეოკუპაცია“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არცერთ „წარუმატებელ თემაზე“ პასუხისმგებლობა არ აუღია.
„ეს პარტია არ იცვლება და რჩება ძალად, რომელსაც შეუძლია, „საკუთარი პოლიტიკური ინტერესის გამო რისკის ქვეშ დააყენოს სახელმწიფო ინტერესები და ხელისუფლება, რომელმაც ხელი შეუწყო რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო გეგმების განხორციელებას, ანტისაოკუპაციო ძალად ვერ მოგვევლინება“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი