გარდაცვლილი გენერლის გია კრიალაშვილის დას დღეს პროკურატურაში დაჰკითხავენ

   2009 წელს თიანეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული გია კრიალაშვილის დას მთავარ პროკურატურაში დღეს მოწმის სტატუსით დაჰკითხავენ. ლია კრიალაშვილი საგამოძიებო უწყებაში 17 საათზეა დაბარებული. ის გამოძიებისგან ინტერნეტში გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალაში აღბეჭდილი ყველა პირის დაკითხვას ითხოვს და აცხადებს, რომ მთავარი დამნაშავეები მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი არიან. 4-წუთიან ვიდეომასალაში ყოფილი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. ჩანაწერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსჩინოვნიკები, სამხედრო პირებთან ერთად, ერთ-ერთ სპეცოპერაციას გეგმავენ. სავარაუდოდ, საუბარია მუხროვანის 2009 წლის ამბოხზე.
მასალაში ჩანს შინაგან საქმეთა ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია, სოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, ჩანაწერის ბოლოს ჩნდება ქვეყნის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც გიგი უგულავაც ახლავს. კადრების მიხედვით, მერაბიშვილი კუდ-ისა და სოდ-ის ხელმძღვანელებს, ასევე ადგილზე შეკრებილ სამხედროებს დავალებებსა და სამუშაო მიმართულებებს აძლევს, ისმის მერაბიშვილის ფრაზაც: “ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, პრემია დიდი”. მასალაში ორჯერ ჩნდება ვერტმფრენიც. კადრები, რომლის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, YouTube-ზე გავრცელდა. მის ავტორად ვინმე აპოლონ ოსმანია მითითებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები