აშშ-მ საბჭოთა კავშირთან დადებული საშუალო და ნაკლები სიშორის მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან დღეს ოფიციალურად გავიდა.
აღნიშნული მას მერე მოხდა, რაც რუსეთმა ახალი რაკეტების განადგურებაზე უარი განაცხადა, რომლებიც ნატო-ს შეფასებით, შეთანხმების პირობას არღვევს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ იმედი აქვს, მოხდება ახალი შეთანხმების მიღწევა.
„რუსეთს ბირთვული შეთანხმებასთან დაკავშირებით რაღაცის გაკეთება სურს და მეც ეს მაწყობს. მათ რაღაცის გაკეთება სურთ, მეც“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც საკითხის კომენტირებისას გაერო- გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა განაცხადა, შეთანხმების გაუქმება „ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებულ საფრთხეს გაზრდის. მაგრამ, რაც უნდა მოხდეს, მხარეები ვითარების დესტაბილიზაციას უნდა ერიდონ და იარაღის კონტროლის საერთაშორისო გზას უნდა დაადგნენ“.
საკითხს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყების დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეთანხმების მოქმედების შეჩერება აშშ-ის ინიციატივით მოხდა“.
ანალიტიკოსები შიშობენ, რომ სარაკეტო შეთანხმების შეჩერება აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს შორის გამალებულ შეიარაღებას გამოიწვევს.