“1-ელ აგვისტოს 4 წელი შესრულდა, რაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებული რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეყო სამინისტროს და ცალკე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სესიაშვილი აღნიშნავს, თამამად შეიძლება ითქვას, გამოყოფის გადაწყვეტილება იყო სწორი და გამართლებული, რის შედეგადაც მივიღეთ დასავლური, მაღალი სტანდარტის სპეცსამსახური, რომელიც წარმატებით ართმევს თავს მის წინაშე დასახულ ამოცანებს.
“1-ელ აგვისტოს 4 წელი შესრულდა, რაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებული რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეყო სამინისტროს და ცალკე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ეს გადაწყვეტილება იყო სწორი და გამართლებული, რის შედეგადაც მივიღეთ დასავლური, მაღალი სტანდარტის სპეცსამსახური, რომელიც წარმატებით ართმევს თავს მის წინაშე დასახულ ამოცანებს.
სამსახური გამოირჩევა თავისი სპეციფიკურობით, შესაბამისად, მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ვერ ნახავ ყოველდღიურად, თუმცა ის აღიარებული და შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად პოლიტიკური თავდასხმებისა, სამსახური წარმატებით ემსახურება ქვეყანას. ასეთი მაღალი შეფასება სამსახურის გამართულობამ და მისმა პროფესიონალურმა მოსამსახურეებმა უზრუნველყვეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონულ უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს. იგი ღირსეული საერთაშორისო პარტნიორია იმ თანამეგობრობის, რომელიც იბრძვის ისეთი გლობალური და მნიშვნელოვანი საკითხების დასაძლევად, როგორიცაა: ტერორიზმი, ტრანსნაციონალური, ორგანიზებული და საერთაშორისო დანაშაული. ასევე, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული საფრთხეები და კიბერუსაფრთხოება.
ეს დღე მინდა, პირადად მივულოცო გენერალ ვახტანგ გომელაურს და მასთან ერთად სამსახურის სრულ შემადგენლობას. ქედს ვიხრი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული თანამშრომლების წინაშე. მინდა, აქვე დავამატო და ხაზი გავუსვა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მჭიდრო თანამშრომლობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და აღვნიშნო საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის გაძლიერება სამსახურის საქმიანობაზე, რომელიც ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ წინსვლას”, – წერს სესიაშვილი.