დავით-გარეჯის საკითხზე მომუშავე სამოქალაქო ჯგუფი მთავრობას ღია საგანგებო განცხადებით მიმართავს
დავით-გარეჯის საკითხზე მომუშავე სამოქალაქო ჯგუფი მთავრობას ღია საგანგებო განცხადებით მიმართავს. როგორც ფეისბუქის გვერდზე მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერი დავით ქაცარავა წერს, მიმართვა გაეგზავნა ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს.
„ერთად დაველოდოთ რეაგირებას“, – იმედოვნებს დავით ქაცარავა.
„კვირა“ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მოგეხსენებათ, დავით-გარეჯის ტერიტორიაზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია ათწლეულების განმავლობაში მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა. თუმცა კეთილმეზობლური თუ გეოპოლიტიკური გარემოებების გამო საქართველოს მხრიდან აღდგომის ტაძარი, ჩიჩხიტურის კოშკი და უდაბნოს სენაკები ხელმისაწვდომი იყო.
25 აპრილიდან დღემდე განვითარებულმა მოვლენებმა შექმნა მოცემულობა, რომ დაირღვა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სტატუს ქვო, რის შედეგადაც საქართველოს მხრიდან ჩიჩხიტურის, უდაბნოსა და აღდგომის მონასტრების ხელმისაწვდომობა დაიკარგა. ეს კი იწვევს საზოგადოების ლეგიტიმურ შეშფოთებას. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველო-აზერბაიჯანის სადელიმიტაციო კომისია ინტენსიურად მუშაობს.
მაგრამ ამ მუშაობის მიუხედავად, საქართველოს პოზიცია ამ საკითხში ფაქტობრივად გაუარესდა. კერძოდ კი, ჩვენი მთავრობის უმოქმედობის გამო ოფიციალურ აზერბაიჯანს ეძლევა საშუალება ღია განცხადებებში დააფიქსიროს, რომ ზემოხსენებული ადგილები მათი სუვერენული ტერიტორიაა, ასევე ხდება ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა სადაო ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც კომისიის მუშაობა არ არის დასრულებული.
აქედან გამომდინარე, გარეჯის საკითხზე მომუშავე საზოგადოებრივი ჯგუფი მიმართავს საქართველოს მთავრობას და დელიმიტაციის კომისიის ქართულ მხარეს შემდეგ საკითხებზე:
• სახელმწიფო დელიმიტაციის კომისიამ გაგვაცნოს მიმდინარე მოლაპარაკებების საბაზისო დებულებები და დაადასტუროს, რომ საქართველოს პოზიცია დამყარებულია 1996 წლის დელიმიტაციის კომისიის პირველ ოქმში დაფიქსირებულ ჩანაწერზე, სადაც საზღვრის დადგენის საბაზისო რუკად მიღებულია 1938 წლის რუკა, რაც ასევე დადასტურებულია აზერბაიჯანის ოფიციალური ხელმოწერით და სახელმწიფო ბეჭდით.
• უმოკლეს ვადებში მოხდეს საჯარო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების გაფართოებულ შემადგენლობასთან, ვინაიდან საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და არსებული ინფორმაციული ვაკუუმი ამ პრობლემასთან დაკავშირებით იწვევს საზოგადოებაში დიდ ვნებათაღელვას და მიმდინარე მოვლენების სხვადასხვა ინტერპრეტაციას.
• ასევე გვსურს ამავე შეხვედრაზე წარმოგიდგინოთ ჩვენი ხედვა სიტუაციის დარეგულირებასთან დაკავშირებით, რომელიც გულიხმობს ექსპერტების მიერ უკვე შემუშავებულ კონცეფციას.
• ვფიქრობთ, რომ ეს შეხვედრა და განხილვა ხელს შეუწყობს საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის განმუხტვას, მოსახლეობის სწორ ინფორმირებას და პრობლემის მოგვარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას მთავრობისათვის“, – აღნიშნულია მიმართვაში.