ირაკლი კაკაბაძე: საქართველო დღეს ოკუპირებულია არა მარტო რუსის ჯარის მიერ, არამედ სოციალური უთანასწორობის მიერაც

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კაკაბაძე ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მან გუშინ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, აღნიშნა, რომ ეს “სისტემა დაინგრევა ძალიან მალე, ესენი სახლში წავლენ”.

კაკაბაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკაში მოსვლას მიესალმება და ამბობს, რომ ნეოლიბერალური სოციალ-ეკონომიკური მონობის სისტემა შესაცვლელია. ​როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ოლიგარქიული სისტემა უნდა დაინგრეს – გაიზარდოს შედარებით გადასახადები მდიდრებზე და მეტი სოციალური პროგრამა დამკვიდრდეს, რომელიც რიგით მოქალაქეებს ადამიანურად ცხოვრების საშუალებას მისცემს.

“მივესალმები მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენას. ქართულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტს მთლიანად აქვს ვადა გასული. სისტემა ნამდვილად უნდა შეიცვალოს. ნამდვილად უნდა შეიცვალოს ის ნეოლიბერალური სოციალ-ეკონომიკური მონობის სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდა 1992 წლიდან საქართველოში. პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ ახალი და სუფთა სახეები, რომლებიც მოქალაქეთა კავშირის ნარჩენები და უკანონო შვილები კი არ არიან, არამედ ნამდვილი ჰუმანიტარები, ვინც ზრუნავს ადამიანზე და ადამიანებზე. აუცილებელია, რომ ეს ახალი ძალა იყოს პროგრესული – მემარცხენე-ცენტრისტული, რომელიც შეცვლის ნეოლიბერალურ სისტემას “ძალიან ცოტას ძალიან ბევრი და ძალიან ბევრს თითქმის არაფერი”.

საქართველოში ცხოვრება შესაძლებელი უნდა გახდეს. ოლიგარქიული სისტემა უნდა დაინგრეს. გაიზარდოს შედარებით გადასახადები მდიდრებზე და მეტი სოციალური პროგრამა დამკვიდრდეს, რომელიც რიგით მოქალაქეებს ადამიანურად ცხოვრების საშუალებას მისცემს. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს ევროპიდან, აზიიდან თუ ამერიკის კონტინენტიდან. სისტემის დანგრევა და მის ადგილას ახალი სისტემის შექმნა ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისთვის სოციალური სამართლიანობის აღდგენასაც, სადაც მხოლოდ ერთეულები კი არ განსაზღვრავენ მილიონების ბედს, არამედ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს ცხოვრების საშუალება. ამისთვის უამრავი მოდელი არსებობს და საჭიროა ახალი, ქართული მოდელის მოფიქრება.

გარდა ამისა, უკეთ უნდა იქნეს დაცული ჩვენი საზღვრები, გაკონტროლდეს ტერორიზმის საშიშროება. საქართველო დღეს მთლიანად ოკუპირებულია არა მარტო რუსის ჯარის მიერ, არამედ სოციალური უთანასწორობის მიერაც. დავით გარეჯს შველა სჭირდება დღესვე. ქვეყანაში უნდა გამოჩნდეს მეტი განვითარებული კაპიტალიზმის ნიშანი – მეწარმეობა ხელმისაწვდომი უნდა იყოს მეტი მოქალაქისათვის. ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ არა მხოლოდ ერთი ოლიგარქის – რასაც ბევრი მემარჯვენე პოლიტიკოსიც ამბობს – არამედ საერთოდ, ოლიგარქიული სისტემისაგან. ეს სისტემაა შესაცვლელი პროგრესული სისტემით, რომელიც დაიცავს უმრავლესობის და ყველა უმცირესობის უფლებებსაც.

ამავე დროს, საქართველოში უნდა დაცულ იქნას ქართველების კულტურული იდენტობა, ერთი მხრივ, და ჩვენი უძველესი კოსმოპოლიტური ტრადიცია, მეორეს მხრივ. თუ ახალ ძალას უნდა, რომ სერიოზულად გამოჩნდეს და ნამდვილად მოიგოს არჩევნები, ის უნდა იყოს პროგრესული – მემარცხენე-ცენტრისტული. მემარჯვენე და რეაქციული პარტიები უკვე ყველას ყელში ამოუვიდა. მე იმედი მაქვს, რომ ეს ახალი ძალა ასეთი იქნება. ამის შიმშილი აქვს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას”,- წერს ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები