საქართველოში სიგარეტის იმპორტი 37%-ით, ექსპორტი კი 40-ით შემცირდა
საქართველოში გასახვევი თამბაქოს გაზრდილმა მოხმარებამ სიგარეტის, სიგარებისა და სიგარელების სავაჭრო მაჩვენებლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა.
შემცირებულია როგორც იმპორტი, ასევე – ექსპორტი. ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის პირველ ნახევარში ქვეყნაში 38,2 მლნ დოლარის თამბაქოა იმპორტირებული – 40%-ით ნაკლები, ვიდრე 2018 წლის პირველ ნახევარში ($63,6 მლნ). სიგარეტი ისევ რჩება უმსხვილეს საიმპორტო ათეულში, თუმცა – შემცირებული წილით. 37%-ით, 34 მლნ დოლარამდე შემცირდა ექსპორტიც. შესაბამისად, 3,4%-დან 1,9%-მდე შემცირდა სიგარეტის წილი საექსპორტო კალათაში.
ხელით გასახვევი თამბაქოს მოხმარება ქვეყანაში 2019 წლიდან გაიზარდა. ამის მიზეზად საკანონმდებლო ცვლილება სახელდება, რომლის მიხედვითაც ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტი დაბეგვრის ერთნაირ რეჟიმში მოექცა. 1 კოლოფზე აქციზი 1.7 ლარით განისაზღვრა. გასამმაგდა ადვალური გადასახადიც, რამაც 1 კოლოფი სიგარეტი, დაახლოებით, 1,5 ლარით გააძვირა.
ამ ყველაფრის შედეგად, მთავრობის მოლოდინი, რომ 2018 წლის დეკემბერში საგადასახადო კოდექსში ცვლილებები აქციზის გადასახადის შემოსავლებს 45 მლნ ლარით გაზრდიდა, არ გამართლდა. ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის თანახმად, აქციზიდან შემოსავლებმა 544,164 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმის მხოლოდ 83,7%-ია.