ომბუდსმენი: პატივი უნდა ვცეთ ადამიანის პირადი სივრცის ხელშეუხებლობას და პროტესტის გამოხატვის დროს გავითვალისწინოთ აღნიშნული გარემოებები

“საჯარო პირის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქციის გამართვის დროს, ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახლში, რაც ადამიანის პირადი და დაცული სივრცეა, შესაძლოა, იმყოფებოდნენ ბავშვები, ხანდაზმულები, შშმ პირები და ა.შ. რომელთათვისაც აღნიშნული შესაძლებელია, გახდეს დიდი სტრესის საფუძველი”, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებზე საუბრისას აღნიშნა, საპროტესტო აქციის დროს კარვების გამოყენება გამოხატვის თავისუფლებით გარანტირებულ უფლებას წარმოადგენს.
ამიტომ, მისივე თქმით, ამის შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს ისევე დასაბუთებული, როგორ ამ უფლებით სარგებლობის შეზღუდვა.
“ჩვენ ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი არსებობს. მისი შეზღუდვა მკაცრად გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლთან შეკრებას – კანონით მხოლოდ მოსამართლეების შემთხვევაში იკრძალება. თუმცა მიმაჩნია, რომ საჯარო პირის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქციის გამართვის დროს, ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახლში, რაც ადამიანის პირადი და დაცული სივრცეა, შესაძლოა, იმყოფებოდნენ ბავშვები, ხანდაზმულები, შშმ პირები და ა.შ. რომელთათვისაც აღნიშნული შესაძლებელია, გახდეს დიდი სტრესის საფუძველი. მე ვფიქრობ, რომ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის პირად ცხოვრებასა და პირადი სივრცის ხელშეუხებლობას და პროტესტის გამოხატვის დროს გავითვალისწინოთ აღნიშნული გარემოებები.
რაც შეეხება კარვების გაშლას – კვლავ გავიმეორებ, რომ საპროტესტო აქციის დროს კარვების გამოყენება წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით გარანტირებული უფლების ნაწილს და მისი შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს ისევე დასაბუთებული, როგორ ამ უფლებით სარგებლობის შეზღუდვა. არსებულ არასწორ პრაქტიკასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც აქვს შეტანილი და იმედია, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საკითხთან მიმართებით განმარტებას გააკეთებს.
​მოვუწოდებ, ასევე, შსს-ს – საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას უზრუნველყოს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობა, საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა პირადი უსაფრთხოება”, – წერს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვის გაშლას ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთანაც აპირებს. ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ თბილისის მერიასთან განაცხადა, სადაც კარვის გაშლის მოთხოვნით მან და მისმა ადვოკატმა წერილი შეიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები