თვითმხილველები 5 წლის წინათ დაგეგმილ სპეცოპერაციას იხსენებენ

   „თიანეთის“ გზატკეცილზე, სადაც 5 წლის წინ – 2009 წელს 20 მაისს სპეცოპერაცია ჩატარდა, ადგილობრივი მოსახლეობა დღეს მომხდარს კიდევ ერთხელ იხსენებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სროლის ხმა საღამოს საათებში გაისმა, რის შემდეგაც სკოლის წინ, თიანეთის გზატკეცილის №56-თან ახლოს, თეთრი ფერის სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა, საიდანაც გარდაცვლილის ცხედარი გადმოიტანეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, სროლა ისევ გაგრძელდა, ცოტა ხანში კი ქუჩა გადაიკეტა, რის გამოც სამსახურიდან დაბრუნებული ადამიანები 4 საათის განმავლობაში სახლში შესვლას ვერ ახერხებდნენ.
მოსახლეობის თქმით, 20 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, მათთვის უცნობი პირები კედლებს აზიანებდნენ და, ორმხრივი სროლის იმიტაციის მიზნით, ნატყვიარების გამოსახვას ცდილობდნენ, მეორე დღეს კი ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი დააგეს.
„თეთრი ფერის „მარშუტკა“ გაჩერდა. რამდენიმე გასროლა მოხდა. კარები გაიღო. რამდენიმე ადამიანმა კრიალაშვილის გვამი გადმოიტანა და მიწაზე დადო. შემდეგ გადმოიყვანეს ოთანაძე. მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა. რამდენჯერმე ფეხებში ესროლეს. ოთანაძე აქედან აგინებდა. ესენი წიხლებს გამეტებით ურტყამდნენ. მერე გოგო გადმოხტა „მარშუტკიდან“. ამ გოგომ დარეკა, ყვიროდა, სადა ხართ, სადა ხართო. ამის შემდეგ წამოვიდა ძალიან დიდი კოლონა – ჯიპებით, მანქანებით. მერე მერაბიშვილიც მოვიდა. ეს გზა მთლიანად გადაიკეტა. ამ გზაზე არავის უშვებდნენ. სახლშიც არავის უშვებდნენ. შემდეგ აიღეს ლურსმნები და კედლების ჩიჩქვნა დაიწყეს. ვითომ ორმხრივი შეტაკება მოხდა და ნატყვიარები რომ გაეკეთებინათ“,- ამბობს თვითმხილველი სოსო ქარაული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები