მზექალა შანიძის დაწერილი ფრიადი და შემოქმედებითი ქაოსი “ყველაფრის დამტევ სიმწუხარეში“

  დღევანდელ ,,პერსონაში“ ქალბატონ რუსუდან კონჯარიას ვესაუბრები. იგი ცნობილი ქართველი ფარმაცევტების ტრადიციული ოჯახიდანაა და ფარმაცევტული კომპანია PSP -ს დამფუძნებელია. კომპანიის დღეს ცნობილი ეს სახელიც მისი შერქმეულია. გარდა იმისა, რომ ნიჭიერი ხელოვანის, კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის ცოლი და ასევე ნიჭიერი შვილის დედაა, თავადაც ამჟღავნებს “შემოქმედებითი აურზაურისკენ” მიდრეკილებას და მშვენიერ ლექსებს წერს. და თუმცა ახლანდელი თბილისი მას “ცუდად გაორკესტრებულ ფონოგრამაზე ნაჯახირევ სიმღერას“ აგონებს, იმ დროის თბილისი და გამორჩეული თბილისელებიც კარგად ახსოვს…
– ქალბატონო რუსუდან, თქვენ ცნობილი კომპოზიტორის მეუღლე ხართ, მაგრამ თქვენი პერსონის შესახებ მარტო ამ კუთხით მასალის მომზადება უსამართლობა იქნებოდა… თავად რას იტყოდით, რითია საინტერესო რუსუდან კონჯარია?
– უპირველესად, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ… არ მეგონა, თუ საინტერესო ჟურნალისტის მხედველობის არეალში მოვხვდებოდი. ხშირად ვკითხულობ თქვენს ჩანაწერებს საინტერესო ადამიანებთან, თუმცა, არ მიფიქრია თქვენს რესპონდენტობაზე… ყველა ადამიანი ხომ, ერთგვარად, საინტერესო და განუმეორებელია. ჩემი ამჟამინდელი სტატუსიც კი არ ვიცი წესიერად. მედიცინაში აღარ ვარ, ბიზნესი, რომელსაც მე მივდევ, არც ისე დიდია, მთლად დიასახლისობაც ბოლომდე ვერ მოვირგე… ალბათ, მაინც, ნიჭიერი ხელოვანის ცოლი და ასევე ნიჭიერი შვილის დედა ვარ.10449740_757346760963155_1730743211_n
– პროფესიით პროვიზორი ბრძანდებით და ამბობენ, რომ მასავით მშრომელი და თანაც მოწესრიგებული პიროვნება ხართ?
– ამბობენ… თუმცა, ფუტკარი ბევრად სასარგებლო შრომას ეწევა და თან – ბევრისთვის. ადამიანის ფუტკართან შედარება ვეებერთელა ქათინაურია. პროფესიით, დიახ, პროვიზორი ვარ. მედიცინის ყველაზე ძველი და უკიდურესად საინტერესო დარგის მცოდნე. შესაძლოა, ვინმეს გაუკვირდეს კიდეც ასეთი “პროფესიული პატრიოტიზმი”, მაგრამ ფარმაცია ის ნამდვილად არ არის, რაც დღეს ერთი შეხედვით ჩანს. ნამდვილი ფარმაცევტული მეცნიერება გაცილებით საინტერესო და მრავალფეროვანია, ვიდრე, უბრალოდ, ყიდვა-გაყიდვა. ბაბუა  ცნობილი პროვიზორი მყავდა, ხარკოვის ქიმიურ-ფარმაცევტული ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. ბიძაჩემი, ლეო ბიგვავა, უაღრესად საინტერესო ინტელექტუალი, ასევე პროვიზორი იყო, ჩვენს დარგში საკმაოდ ცნობილი პროფესიონალი. მამას სამედიცინო ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული, მამაჩემის ბიძა, ნათესავები, არ იყვნენ შორს ამ პროფესიისგან.
როგორც ხშირად ხდება , ჩემს შემთხვევაშიც, პროფესიის სიყვარული დინასტიური აღმოჩნდა. მიყვარს ჩემი დარგი და კოლეგები და გული მწყდება, რომ მხოლოდ ერთი-ვაჭრობის მიმართულებით ვითარდება. ადრე აფთიაქში შესვლისას, თურმე მიმსვლელები ქუდს იხდიდნენ… თავის დროზე, ფარმაცევტული კომპანია PSP -ს დამფუძნებელი ვიყავი. სახელიც მე დავარქვი. ახლა ჩემი სასტუმრო ბიზნესი მაქვს.
– მე წესრიგი ვახსენე და, როგორც შემოქმედის მეუღლე, შემოქმედებით ქაოსსა და ,,უწესრიგობაზე” რა აზრის ხართ?
– წესრიგი, ჰო.. მიყვარს… წესრიგი და კომპეტენტურობა, რაც ასე ძალიან გვაკლია დღეს. კიდევ ბევრი რამ გვაკლია, მაგრამ,  ჩემი აზრით, ეს ძალიან თვალშისაცემია. მახსენდება  გამსახურდიასეული : “ჩვენში ყველა ტყემალს ალუჩას არქმევენ.. მართლაც, ამ თვალსაზრისით, არაფერი შეცვლილა. უარესი მდგომარეობაცაა: დღეს ყველა ექიმია, კომპოზიტორი, ჟურნალისტი (თქვენ არ გგულისხმობთ)… ერთი სიტყვით, რომ იტყვიან, “ბედაურებს დაერივნენ, ვირებს დარჩათ მოედანი”.
რაც შეეხება ქაოსს და უწესრიგობას, მის ერთადერთ გამართლებასა და სარგებელს, სწორედ ხელოვნებაში ვხედავ. სწორედ ქაოსიდან იქმნება შედევრები. შეუძლებელია, მკაფიოდ და მკაცრად გაწერილი “ბიზნესგეგმიდან” ხელოვნების ნიმუში შექმნა. მის შექმნას სწორედაც რომ სულის განსაკუთრებული მდგომარეობა სჭირდება. და ეს ფორიაქი და ქაოსი მგონია მშვენიერების საწყისი. ნიჭიერ ადამიანებს ეს გამოსდით. კარგად გამოსდით. ამიტომ, თუ თქვენი შეკითხვის ფარულ მხარეს გამოვაჩენთ და პირდაპირ მკითხავთ ოთარ ტატიშვილის “შემოქმედებითი ქაოსისა” და ჩემი თანაცხოვრების შესახებ, გეტყვით, რომ ასეთ “უწესრიგობას” ხშირად ვუსურვებ მასაც და მისი შემოქმედების დამფასებლებსაც. სხვათა შორის, ჩემი შვილი, მიშოც სულ პატარაობიდან ამჟღავნებს “შემოქმედებითი აურზაურისკენ” მიდრეკილებას. ვნახოთ, რა გამოვა…
ვიცი რომ კარგ ლექსებს წერთ… გაგვაცანით ლექსი, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს თქვენს განწყობებსა და სულიერ ბუნებას…10432166_757346914296473_371638227_n
– ლექსებს ყველა წერს დღეს.. ჩემი ლექსები არასოდეს გამიხდია საჯარო, იმიტომ, რომ არ ვინახავ. არ მგონია, რაიმე ღირებულს წარმოადგენდნენ ისინი. კაცმა რომ თქვას, ადრე უფრო ვწერდი. ახლა – აღარ. მე მგონი – ვეღარ. თუმცა, პოეზიისა და ლიტერატურის სიყვარული არასდროს გამინელდება. ყოველი ახალი შეხვედრა ნიჭიერ ავტორთან დღესასწაულია ჩემთვის და ამაში სულაც არ ვარ ორიგინალური. ერთი რომელიმე კონკრეტული ლექსი კი არ მახსენდება. ადამიანის სულის მდგომარეობა კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება. ახლა რომ რაიმე ლექსი შემოგთავაზოთ, შესაძლოა, ინტერვიუს დამთავრებამდე სხვა არჩევანმა აჯობოს. ამიტომ გალაკტიონის ისეთ ლექსს გაჩუქებთ, ერთადერთხელ რომ შემხვედრია კრებულებში. იშვიათია და ამიტომ – საინტერესო:
“არც სილაჟვარდე გამოჩნდა ზეცის,
არც-დედამიწად ქარის გოდება.
კაცი ყოფილა აშკარა მხეცი,
რომელიც თან გძულს, თან – გეცოდება.
აღარც ცრემლია, რომ გული დალბეს,
გზად გამოშუქდეს ნათელი სვეტი.
ვერ გადალეკავს ამდენ სიყალბეს
ვერარა ძალა, სიკვდილის მეტი…
…მაგრამ ელვარე თეთრად თოლიებს
ფიქრებთან ერთად გააქვთ თარეში
და ანძა ანძას გადიყოლიებს
ყველაფრის დამტევ სიმწუხარეში”.
– სასტიკად ებრძვით ქართული ენის დამახინჯებას… და თავის დროზე თვით მზექალა შანიძემ ხუთიანი დაგიწერათ ქართულში.
– რა საინტერესოა, საიდან იცით ეს?! დიახ, მისაღებ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის კომისიის თავმჯდომარე ქ-ნი მზექალა ბრძანდებოდა. მაშინ, სამედიცინო ინსტიტუტში ჩასაბარებლად, უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის აბიტურიენტების მსგავსად (შესაძლოა, მეტადაც) მოგვეთხოვებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნა. მაშინ თავისუფალი თემა ავირჩიე სამი ესიედან: “საქართველოს ისტორიული ძეგლები”. “ფრიადი” მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის დასტურით იწერებოდა.
მოგვიანებით, ინსტიტუტში სწავლისას, ჩემი პირადი საქმე ვნახე. ქალბატონი შანიძის დაწერილი “ხუთიანი” ძალიან დიდი წარმატება იყო ჩემთვის… დღემდე ვამაყობ ამით. მიუხედავად იმისა, რომ ,როგორც გაირკვა, საჭიროზე მეტი ქულები დავაგროვე და ქართულის სხვა ნიშანიც საკმარისი იყო ინსტიტუტში ჩასარიცხად.
ქართული ენის შებღალვა ისაა, რასაც შინაგანად ვერავის ვპატიობ. არადა, ჟურნალ-გაზეთებიდან, ტელევიზიებიდან სანთლით საძებნი გახდა თავანკარა ქართული. უკიდურესად ღარიბი ლექსიკა, უგულებელყოფილი გრამატიკა, უცხოურს მორგებული ფონეტიკა და არაქართული ინტონაცია ძალიან თვალშისაცემი გახდა.
სასტიკი ბრძოლის რა მოგახსენოთ, ამისი არც კომპეტენცია მეყოფა, ალბათ, და არც – შესაძლებლობების არეალი, მაგრამ ჩემს გასამარგლავს მე ვმარგლავ, როგორც შემიძლია. სხვათა შორის, სოციალურ ქსელებში არაქართული შრიფტით დაწერილ ქართულ ტექსტს არ ვკითხულობ.  ერთგვარი პროტესტის ფორმა მაქვს. მიხარია, რომ ამაში მარტო არ ვარ. ქართული ენის დაცვა და მოვლა-პატრონობა უმნიშვნელოვანეს საქმედ მიმაჩნია. ჩემი აზრით, ერს ის გამოარჩევს და გადაარჩენს, რაც საკუთრივ მისია. ასეთი კი ჩვენთვის ჩვენი ენაა.10385227_757347144296450_1396800979_n
 – როგორი იყო სტუდენტობისდროინდელი თბილისი?
– ოოო… ჩემი სტუდენტობა უზრუნველ და ბედნიერ თბილისთან ასოცირდება. რატომღაც, ადამიანებს ჰგონიათ, რომ ოთხმოციანი წლები ავბედითი და ბნელი იყო… არ იყო ასე. მაშინაც ასე აცხუნებდა ზაფხულის მზე; მაშინაც ასე კოკისპირულად წვიმდა; მაშინაც უყვარდათ ძალიან-ძალიან, მაშინაც ხვდებოდნენ და შორდებოდნენ… განსხვავება ისაა, რომ მაშინ მეტი იყო ადამიანური ურთიერთობების სურვილი. მეტი იყო სულიერი საზრდოც. ნაკლები იყო ტექნიკური პროგრესის ის მიღწევები და კომფორტი, რაც დღეს გვაქვს, მაგრამ მეტი იყო სიყვარული. ახლანდელი თბილისი ცუდად გაორკესტრებულ ფონოგრამაზე ნაჯახირებ სიმღერას დაემსგავსა, რომლის არც ავტორს და შემსრულებელს სათქმელი არაფერი აქვთ და თითიდან გამოწოვილი კიტჩით, მომაკვდინებლად მოსაბეზრებელი ერთფეროვანი ტექსტით, მოპარული მელოდიით, ვითომ ჩართული მიკროფონით და “დაღარული შუბლით” გიყვებიან… არაფერს. შიგადაშიგ, გაკრთება ხოლმე – “ჩემი მოღვაწეობის პერიოდში”… “მე ვმოღვაწეობ”… სასაცილო იქნებოდა, ხშირი რომ არ იყოს.
– აქვე ცხოვრების დაუვიწყარი შეხვედრები გაიხსენეთ…
 – დაუვიწყარი შეხვედრები? მიჭირს გამორჩევა. ბავშვობიდან დღემდე, ყველა ახალი შეხვედრა, საინტერესოა ჩემთვის. ჩვენს სახლში უამრავი ადამიანი იკრიბებოდა. ჩემი თაობა (ძალიან მხცოვანიც არა ვარ, კაცო) ამით საზრდოობდა. ახლაც ჩვენს სახლში და აგარაკზეც უამრავი ადამიანი მოდის. ზოგი ძველი და ერთგული მეგობარი; ზოგიც – ახალი და გამორჩეული. ან, სულაც – არაფრით გამორჩეული. ყველა ძალიან საინტერესოა. ყველას აქვს თავისი სათქმელი… თუმცა, ყველაზე მეტად, რაც გვამახსოვრდება, ესაა დაბადება. არავინ თქვას, რომ დაბადება და დედის გაცნობა არ ახსოვს. ყველას გვახსოვს. უფრო მეტიც! ის გზაც კი საგულდაგულოდ ინახება ქვეცნობიერში, რასაც დედის საშოდან მის პირველ შეხედვამდე გავდივართ. ამიტომ, ალბათ, დაბადებაა ყველაზე საინტერესო და დაუვიწყარი შეხვედრა. დედასთან და მერე-შვილთან.

 

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები