ანტიდემპინგური კანონი – მაშველი რგოლი თუ ხელოვნური ბარიერი ბიზნესისათვის

2020 წლიდან საქართველოში ანტიდემპინგური კანონი ამოქმედდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, კანონპროექტი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების დაცვით მომზადდა და მისი მიღება ადგილობრივ წარმოებას დემპინგური იმპორტით გამოწვეული ზიანისაგან დაიცავს.
აღნიშნული კანონის მიღება საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დაანონსა, თუმცა მისი მიღება დღემდე ვერ მოხერხდა. ამის მიზეზად სპეციალისტები იმპორტიორებისა და მათი ლობისტების წინააღმდეგობას ასახელებენ, თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად გადაწყვეტილება საბოლოოა და საქართველოს ანტიდემპინგური კანონი ექნება.
რა არის დემპინგი? დემპინგი – ესაა სავაჭრო ოპერაცია, როცა კონკურენტების ბაზრიდან განდევნის მიზნით ესა თუ ის პროდუქტი თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად იყიდება.
სჭირდება თუ არა საქართველოს ანტიდემპინგური კანონი? ამ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესისა და ეკონომისტების მოსაზრებები ორ ნაწილადაა გაყოფილი. როგორც ანტიდემპინგური კანონის მოწინააღმდეგეები, ძირითადად, იმპორტიორები აცხადებენ, კანონის ამოქმედების შემთხვევაში უცხოელი ინვესტორების ინტერესი საქართველოსთან დაკავშირებით მნიშველოვნად შემცირდება, გარდა ამისა, როგორც ისინი აცხადებენ, საქართველოს უკვე აქვს ანტიმონოპოლიური კანონი და დამატებით რეგულაციები საჭირო აღარაა. მათი თქმით, ანტიდემპინგური კანონი ადგილობრივ წარმოებას სასათბურე პირობებს შეუქმნის, რაც მომხმარებელს არჩევანის შესაძლებლობას შეუზღუდავს, ხოლო იმპორტს არაკონკურენტულ გარემოში ჩააყენებს. რაც შეეხება ანტიდემპინგური კანონის მომხრეებს – ამ კანონს, ძირითადად, ადგილობრივი მწარმოებლები ლობირებენ, განსაკუთრებით მეფრინველეობის, ხორბლისა და ფქვილის ადგილობრივი ინდუსტრიის წარმომადგენლები აქტიურობენ.
ანტიდემპინგური კანონის მომხრეთა მოსაზრებით, ის, რომ საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო თითქმის 4 მილიარდ დოლარს აჭარბებს, გარკეულწილად, ამ ფაქტორითაც არის გამოწვეული.
თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანლის, პროფესორი ვახტანგ ჭარაიას მოსაზრებით, ანტიდემპინგური კანონი ნიშნავს, რომ ადგილობრივ მწარმოებელს უცხოური იმპორტიორი თვითღირებულებაზე დაბალი ფასით ვეღარ გაუწევს კონკურენციას. საბოლოოდ, ადგილობრივ მწარმოებელს ეძლევა შანსი განვითარებისა, იქმნება სამუშაო ადგილები და გაძლიერდება ეროვნული ეკონომიკა.
მსგავსი მოსაზრება აქვს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციის პრეზიდენტს, შოთა გულბანსაც. მისი თქმით, ცნობილია, რომ დემპინგურ ფასებთან გამკლავების პრობლემა აქვთ კვერცხისა და ფრინველის ხორცის ადგილობრივ მწარმოებლებს, ასევე, ხორბლისა და ფქვილის ინდუსტრიას. გულბანის მტკიცებით, ნებისმიერი ბიზნესი შეიძლება, დადგეს ანალოგიური პრობლემის წინაშე, თუ ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიებები არ იქნა დანერგილი.
ანტიდემპინგური კანონის ამოქმედების შემთხვევაში, დემპინგური ქმედებების გამოვლენა, სავარაუდოდ, კონკურენციის სააგენტოს დაევალება. სხვა დეტალები მომავალი კანონონის შესახებ, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები