შალვა თადუმაძე: საბჭოთადროინდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მართლმსაჯულების ,,სირცხვილია”

საბჭოთადროინდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მართლმსაჯულების ,,სირცხვილია”,- ამის შესახებ  გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ძნელია იმის გარკვევა, სად გადის ზღვარი სისხლის სამართლის დანაშაულსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას შორის, რადგან ეს ზღვარი თვითონ კოდექსის სისტემაში არ გვაქვს.

„ზოგადად, ეს პრობლემური საკითხია. და ეს არის სახელმწიფოს „სირცხვილი“, რადგან ადმინისტრაციული კოდექსი დღემდე მოქმედი ერთადერთი ნორმატიული აქტია, რომელიც საბჭოთა საქართველოს მიერაა მიღებული. ჩვენ მას რეკონსტრუქციებს ვუტარებთ და დეკორაციებს ვუმატებთ, მაგრამ მაინც ძალიან რთულია იმის გარკვევა, სად გადის ეს ზღვარი, იმიტომ რომ ეს ზღვარი თვითონ კოდექსის სისტემაში არ გვაქვს. თუმცა კვალიფიციურ იურისტს მაინც შეუძლია ეს ზღვარი გაავლოს.

ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ვერ შევძელი დამერწმუნებინა პოლიტიკური შემადგენლობა, მიგვეღო ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც ახლაც დევს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურში, რომელიც ჩემი იქ მუშაობისას მომზადდა. და ჩვენს საკანონმდებლო ბაზაში აღარ ყოფილიყო საბჭოთადროინდელი კანონპროექტი. იმ პროექტში ზღვარი საკმაოდ მკაფიო იყო. ნებისმიერი დანაშაული, რომელიც თავისი შემადგენლობითა და დაზიანებული სიკეთით მსგავსია სისხლის სამართლის, საჭირო იყო გადასულიყო სისხლის სამართლის კოდექსში და პირიქით, დანაშაული, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსშია დღეს და მასზე არ გამოიყენება მძიმე სასჯელები, პატიმრობები, გადმოსულიყო ადმინისტრაციულში და რაღაც ბალანსი შექმნილიყო.

ეს სისტემა განსაკუთრებით პრობლემა გახდა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციომ ნარკოტიკებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. და ეს ზღვარი თითქმის წაშლილია. პრინციპში, ამ ზღვარის წაშლა-არწაშლის საკითხს საგამოძიებო ორგანოები წყვეტენ. თუმცა, ეს საკანონმდებლო ბაზა არ არის იმ დონის, რომელიც ისეთ ქვეყანას შეეფერება, როგორიც ჩვენ ვართ“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 17 ივლისს დაიწყო. გაუსაუბრება უკვე 12-მა კანდიდატმა გაიარა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად საბოლოოდ სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.

საბჭო დღეს კიდევ ორ კანდიდატს გაესაუბრება.14:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს, 17:00 საათზე კი არამოსამართლე კანდიდატს გიორგი თევდორაშვილს გაესაუბრება.

ყოფილი ადვოკატი შალვა თადუმაძე საქართველოს გენერალურ პროკურორად 2018 წლის ივლისში დაინიშნა. მანამდე, 2012 წლიდან ეკავა ჯერ მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შემდგე კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები