გია ვოლსკი: როცა ადამიანი მორალურად თუ პიარულად თავს ასე დაიზიანებს, ეჭვი უნდა შეგეპაროთ, რომ მას რაღაც ვალდებულება გააჩნია კონკრეტული ადამიანების წინაშე

0

ირაკლი ოქრუაშვილმა გამოაცხადა, რომ შემოსავლის სახით ათეულობით მილიონ დოლარს ფლობდა, როცა სახელმწიფო მოხელე იყო, წარმოიდგინეთ, რა ვალდებულება უნდა ჰქონდეს კონკრეტული პირების მიმართ, ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი მაშინ საკმაოდ სერიოზული ბრალდებებით დააკავეს, შემდეგ გაუგებარი მიზეზებით გაუშვეს და ახლა იგივე პიროვნება ამტკიცებს, რომ ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების რესურსებს ფლობდა ტელევიზიის შესაძენად.

„ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ათეულობით მილიონს ფლობდა, ამავე დროს სახელმწიფო მოხელე იყო, ანტისამთავრობო გამოსვლებს აფინანსებდა. ფაქტია, რომ დააკავეს და გაათავისუფლეს, საკმაოდ წარმატებულად ცხოვრობს საზღვარგარეთ. ამაზე კითხვები უფრო მთავარია, ვიდრე რას ცუღლუტობს ოქრუაშვილი. როცა ადამიანი მორალურად თუ პიარულად თავს ასე დაიზიანებს, ეჭვი უნდა შეგეპაროთ, რომ მას რაღაც ვალდებულება გააჩნია კონკრეტული ადამიანების წინაშე, რაც არაჯანსაღი ვალდებულებებია. ეჭვები უნდა გაგიჩინოთ ბევრმა სხვა რამ, რასაც ოქრუაშვილი ამბობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს 1 მილიონ 200 ათასი დოლარი გადაუხადა, ეს თანხა კი, მისი მოზიდული იყო. ამასთან, ოქრუაშვილის თქმით, 2003 წლის მთელი კამპანია, „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით, მის მიერ იყო დაფინანსებული.

კომენტარები

კომენტარი