“ყაჩაღი და მკვლელი ვაზაგაშვილი დარჩება ასეთად” – ფირცხალავას კომენტარი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის, იგივე “კორტების სპეცოპერაციის” საქმეზე მსჯავრდებული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი ფირცხალავა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.
„რაც  უნდა ეცადოს ქალბატონი წულუკიანი, რომ მკვლელები და ყაჩაღები წარმოაჩინოს უმანკო მსხვერპლად, მაინც არაფერი გამოუვა. ვუყურე მის პრესკონფერენციას, რომელიც თავიდანვე დიდი ტყუილით დაიწყო, როდესაც განაცხადა, რომ სტრასბურგმა დააკმაყოფილა მოთხოვნა მკვლელობის ნაწილზე. არავითარ მკვლელობის ნაწილზე სტრასბურგის სასამართლო არ იმსჯელებდა. ეს ქალბატონი  ხარკს უხდის თავისი შტაბის წევრს, იური ვაზაგაშვილსა და, საერთოდ, კრიმინალებს, ვინაიდან თვითონ არის კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი. იმ ფონზე, როდესაც “რუსთავი2-ის” წინააღმდეგ სტრასბურგში დახარჯა რამდენიმე მილიონი, დაიქირავა უცხოელი ადვოკატები, ამის მეასედიც კი არ გაუკეთებია ვაზაგაშვილის საქმის განხილვაში. პირიქით, სახელმწიფოსთვის საზიანო, მოგონილ მტკიცებულებებს აგზავნიდა. მისი მთავარი მოვალეობა, რომ დაეცვა სახელმწიფო ინტერესები, არ შეასრულა ჯეროვნად. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივანის მოთხოვნები. როდესაც ორი გუნდი თამაშობს ფეხბურთს და აქედან ერთს კარებში მეკარეც არ ჰყავს, ეს გუნდი ყოველთვის აგებს. შესაბამისად, ეს იყო შეგნებულად გაკეთებული ქალბატონი წულუკიანის მხრიდან და ასე იქცევა ყველა საქმეზე, რომელიც 2012 წლამდე არის გაგზავნილი სტრასბურგის სასამართლოში. ასე რომ, არაფერი გამოუვა. ყაჩაღი და მკვლელი ვაზაგაშვილი დარჩება ასეთად, ყაჩაღად და მკვლელად“, – ამბობს პატიმრობაში მყოფი ირაკლი ფირცხალავა.
​შეგახსნებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს სამი თვის ვადაში 50 ათასი ევრო დამატებით გადასახადი, რომელიც შესაძლოა, იყოს მიყენებული არამატერიალური ზიანისთვის.
2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი დაიღუპნენ. მაშინდელმა გამოძიებამ განაცხადა, რომ „სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები“ დაიღუპნენ. სტრასბურგმა სარჩელი წარმოებაში 2007 წლის ბოლოს მიიღო.
2015 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა და განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ იმავე წელს ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, კახა ნაკანს ბრალდება გადაუკვალიფიცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლევან ბეროძესსამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, გრიგოლ კვინიკაძეს კი ოთხი წლითა და ექვსი თვით. 2017 წელს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა.
​2015 წლის დასაწყისში ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ააფეთქეს. საქმეზე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავეს.
წყარო: www.primetime.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები