თამარ კიკნაძე: სტრასბურგის სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი – თამარ  კიკნაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც კიკნაძე სოციალურ ქსელში წერს, სტრასბურგის სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება და სამართლიანობა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ წარმოადგენს ქიბარ ხალვაშის კანონიერ საკუთრებას.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით: საქმეზე – „რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ, გაიმარჯვა საქართველომ! სტრასბურგის სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება და სამართლიანობა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ წარმოადგენს ქიბარ ხალვაშის კანონიერ საკუთრებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2-სა“ და მის მფლობელებთან მიმართებით, საქმის არცერთ ნაწილში, არანაირი დარღვევას ადგილი არ ჰქონია! ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით გვეუბნება, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და კანონიერების უმაღლესი ევროპული სტანდარტით. ეს არის ჩვენი მართლმსაჯულების სიტემის უდიდესი აღიარება!რაც მთავარია, სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ აჩერებს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას“, – წერს თამარ  კიკნაძე.
დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულსა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ისა“ და ვაზაგაშვილების საქმეებზე გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა. სასამართლომ ვაზაგაშვილების სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფოს 50 000 ევროს კომპენსაცია დააკისრა. „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა დადგინდა. „რუსთავი 2-ს“ შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები