იურისტი: მეტი აკადემიური რეფლექსი ჩვენთვისვეა საჭირო, ვიდრე სასამართლოს ბნელ დერეფნებში რუსეთის აგენტების ძებნა, როცა ისინი იქ არ არიან

იურისტი გიორგი ჩიტიძე სოციალურ ქსელში „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ აკადემიური რეფლექსი ჩვენთვისვეა საჭირო, ვიდრე სასამართლოს ბნელ დერეფნებში რუსეთის აგენტების ძებნა.
„და კიდევ ერთი – სტრასბურგის სასამართლო, უპირველესად, არის მართლმსაჯულების ორგანო, რომელიც ყოველთვის და ყველა საქმეზე ეროვნულ კონტექსტს, პოლიტიკურ ვითარებასა და საკითხის მნიშვნელობას იმდენ წონას არ მიანიჭებს, რამდენიც ჩვენ გვსურს. ჩვენ გარდა 46 წევრი სახელმწიფოა და ასიათასობით საქმე.
ამიტომ, როდესაც ერთ გადაწყვეტილებაში დასაშვებობის 3 სხვადასხვა კრიტერიუმს გამოიყენებს სარჩელის 70%-ის არმისაღებად, მიგითითებს რომ, ბევრი შეცდომა დაუშვი შიდა სამართალწარმოებაში, მინიმუმ, უნდა დაფიქრდე, რატომ მოხდა ასე.
ასევე, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურ პრესრელიზში დაგიწერენ, რომ „რუსთავი2“, მისი იურისტები და, განსაკუთრებით, გენდირექტორი ცდილობდა სასამართლოს პარალიზებას მოსამართლეთა მიმართ დაუსაბუთებელი აცილებების დაყენებით თუ მათი საჯარო შეურაცხყოფით, ამაზეც წინასწარ ფიქრი ურიგო არ იქნებოდა.
ყველა ანდრაშ შაიო ვერ იქნება. ყველა იდეალისტი ვერ იქნება. იურისტები ღმერთები არ არიან არც თბილისში, არც სტრასბურგში და არც იოჰანესბურგში.
მეტი აკადემიური რეფლექსია ჩვენთვისვეა საჭირო, ვიდრე სასამართლოს ბნელ დერეფნებში რუსეთის აგენტების ძებნა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი იქ არ არიან“, – წერს გიორგი ჩიტიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ი“ს საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა დადგინდა. „რუსთავი 2-ს“ შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები