დავით ქართველიშვილი: სახელმწიფომ პროცესის პოლიტიკურ ნაწილში კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა, ამჟამადაც საერთაშორისო დონეზე აღიარებული

„სახელმწიფომ პროცესის პოლიტიკურ ნაწილში კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა“, – ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„დასრულდა თითქმის ორწლინახევრიანი ევროსასამართლო პაექრობა. ვერდიქტი გამოტანილია. გამანადგურებელი ანგარიშით სახელმწიფოს სასარგებლოდ. ემოციები? არც არანაირი. გადაიწვა ორგანიზმი. უბრალოდ, აღდგა მორიგი სამართლიანობა: ქონებრივი – ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ, პოლიტიკური – მოქმედი ხელისუფლების სასარგებლოდ, სამართლებრივ-საპროცესო კი – სახელმწიფოს სასარგებლოდ, მისი სახელისუფლებო ერთ-ერთი შტოს – სასამართლო სისტემის სახით. „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“.
ზუსტად ვიცი, რომ სასამართლოს სხვა განაჩენის შემთხვევაშიც არ მექნებოდა გადაჭარბებული ემოციები. სამართლიანობის ვერაღდგენას – სამწუხაროდ, ჯერჯერობით მიჩვეულები ვართ. ხოლო სამართლიანობის აღდგენას რაიმე სახელმწიფო „დღესასწაულად“ და „უქმე დღედ“ გამოცხადებასაც სკეპტიკურად ვუყურებ ისევე, როგორც არჩევნებში გამარჯვების წინასწარი ზეიმის პრაქტიკას, საბოლოო შედეგების ოფიციალურად გაჟღერებამდე. მინდა „სამართალმა პური ჭამას“ პრინციპი ამ ქვეყანაში გარდაუვალ რეალობად, ყოველდღიურ ნორმალურ, ჩვეულებრივ მოვლენად იქცეს. ფოიერვერკების გარეშე.
ასევე, არ მინდა, ვინმემ წარმოიდგინოს, რომ საკუთრივ „რუსთავი 2“ გახდა ამ „ბოროტი“ ხელისუფლების „უსამართლობის“ სამიზნე. როგორ შეიძლება გძულდეს თუნდაც ბოროტი სულით შეპყრობილი ადამიანი, რომელიც ეკლესიასთან ან სიწმინდეებთან მიახლოებისას საშინელ ხმას გამოსცემს, აგრესიული ხდება და კონვულსიებში იგრიხება.
გვერდზე გადავდოთ სუბიექტურობა – „ნაცმოძრაობის“ ხელში, ეს მართლაცდა ოდესღაც საამაყო, ჟურნალისტიკის მაღალი დონის ეტალონი, ათ წელიწადზე მეტია, გადაქცეულია ქვეყნის ძირითადი ფასეულობების დაუძინებელ მტრად, სახელმწიფო ინსტიტუტების მიზანმიმართული დისკრიმინაციის რუპორად, ტოტალური საბოტაჟის პოლიტიკის მედროშედ. ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებისადმი მთავარი გზავნილი უნდა იყოს შემდეგი – საკუთრივ „რუსთავი 2“ არ არის მტერი, ქვეყნისა და სახელმწიფოს მტერს წარმოადგენს მისი ამჟამინდელი „ავი სულით შეპყრობილი“ ნარატივი, რომელიც შველას ითხოვს მისგან „ბოროტი ძალის განდევნით“, „კვეთებულის ლოცვების წაკითხვითა“ და „ნაკურთხი წყლის სხურებით“.
და ამ შველამაც არ დააყოვნა. დიდი ალბათობით, ჩვენ დაგვიბრუნდება ის ჩვეული და საყვარელი „რუსთავი 2“, განკურნებული, ობიექტური, პრინციპული, მებრძოლი, რომელსაც მთელი საზოგადოება იცავდა 2002 წელს – მართლაც რომ იმჟამინდელ სახელისუფლებო უსამართლობისგან.
დასრულდა პროცესი. გამოცხადდა შედეგი. „რუსთავი 2“-სთვის გამანადგურებელი შედეგი. სახელმწიფომ პროცესის პოლიტიკურ ნაწილში კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა, ამჟამადაც საერთაშორისო დონეზე აღიარებული. მიუხედავად უადგილო შიშებისა და უსაფუძვლო აპელირებისა, რომ ხელისუფლების მხრიდან არსებობს არხის „დამოუკიდებელ“ სარედაქციო პოლიტიკაში „უხეში ჩარევის“ მცდელობის საშიშროება, მოვლენებმა გამოააშკარავა უტყუარი უკუშედეგი. არათუ პროცესის მიმდინარეობისას, კიდევ რამდენიმე წელიც (ღმერთმა არ ქნას) რომ გაგრძელებულიყო სასამართლო – „რუსთავი 2“ კვლავინდებური წარმატებით გააგრძელებდა თავის ძირგამომთხრელ, დეზინფორმაციულ საქმიანობას ქვეყნისა და სახელმწიფოს საზიანოდ.
ქართულმა დემოკრატიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდა ჩააბარა და ქცევის უმაღლესი სტანდარტი აჩვენა. წარსულს ჩაბარდა ტელეკომპანიებში „სპეცნაზის“ შევარდნის, კანონიერი მესაკუთრეებისგან არხების უკანონოდ „ახევის“, ქონების იძულებით სხვა მეპატრონეებზე გადაფორმების და ა.შ. დანაშაულებრივი პრაქტიკა იმ ბოროტების მიერ, რომლის ძირითად „გამპრავებელს“ და სავიზიტო ბარათს დღემდე წარმოადგენს „რუსთავი 2“.
მეორე უმნიშვნელოვანესი ასპექტი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიმართ გამოთქმული უნდობლობა არ დადასტურდა არც რაიმე ობიექტურ, არც სუბიექტურ ნაწილში, რის გამოც ევროსასამართლომ ქართულ მართლმსაჯულებას, მისი სასამართლო სისტემის სახით, შეფასების უმაღლესი ქულა დაუწერა იმ პირობებში, როდესაც ქართველ საზოგადოებაში მოსამართლეთა კორპუსის მიმართ სერიოზული სკეპტიციზმი და უნდობლობაა გაჩენილი. იმედია, ამჟამად მაინც წარმატებულად იქნება დაძლეული ეს „სასამართლო კრიზისიც“.
საკუთრების ნაწილში „სტრასბურგის“ მიერ გამოტანილი აღსრულების პროცესის შეჩერების მოხსნით, „რუსთავი 2“-ის კანონიერი მფლობელი უახლოეს პერიოდში თავის საკუთრებრივ სამართლიანობას აღადგენს. ხოლო დროებითი ღონისძიება „აღსრულების შეჩერების“ მოხსნა – არსებული სამართლებრივი წესის მიხედვით – არ საჩივრდება. თვით ამ პროცედურის ამოქმედება თავის დროზე („აღსრულების შეჩერება დამატებით შეტყობინებამდე“), რომელმაც ევროსასამართლოს არსებობის ისტორიაში ახალ პრეცედენტს ჩაუყარა საფუძველი – მეტყველებს იმაზე, რა დონის სიძნელეების გადალახვა მოუხდა საქართველოს სახელმწიფოს, სამართლიანობის მართალია, დაგვიანებით, თუმცა საბოლოო აღდგენის გზაზე.
და მაინც… რა არაემოციურ სიხარულს გამოვხატავ?! შამპანურსაც გავხსნი დღეს და ტორტსაც მოვიჭრი, ვინაიდან „ამჯერად კი გვმართებს, ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, ვინაიდან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა“ (ლუკას სახარება, უძღები შვილის იგავი)“, – წერს დავით ქართველკიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები