მიხეილ სააკაშვილი: მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები, მზად ვარ, თქვენთან ერთად ვიბრძოლო

0

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “რუსთავი 2-ის” საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ვიდეომიმართვაში ექსპრეზიდენტმა ყველა ძალას ერთად დასხდომისკენ მოუწოდა და მათთან ერთად საბრძოლველად მზადყოფნა გამოთქვა.
მისი თქმით, საყოველთაო მობილიზება უნდა გამოცხადდეს, რათა ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.
„მინდა, მოგმართოთ „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით და არამარტო. ივანიშვილს მიაქვს მთელი საქართველო, მთელი ბიზნესი, ბიუჯეტი, მიწები და ტყეები. მეგობრებო, წყნარად დავხვდეთ და შევეგუოთ? გვინდა, რომ მტერს ჩავაბაროთ სამშობლო? მე არ ვაპირებ გაჩერებას, ბოლომდე ბრძოლას ვაპირებ. მოდი, გვერდით გადავდოთ შვებულებები, დასვენებები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. ეს საზიზღრობაა, ბოროტებაა, არ უნდა გაიმარჯვოს. ვდგებით ერთად, ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას. ყველა ძალას მოვუწოდებ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი, დავსხდეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე, ივანიშვილის მოშორებამდე. მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ვიდგებით ერთად და მზად ვარ, ერთად ვიბრძოლოთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.

კომენტარები

კომენტარი