ნათია ლეთოდიანი: რომელი სამედიცინო დასკვნების მიხედვით განაცხადეთ, ბატონო ნიკა, რომ კობა ლეთოდიანი უსინათლო დარჩა? ჩვენც გვითხარით, თუ ექიმები გვატყუებენ, თქვენ აგვიხილეთ თვალი

20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს დაშავებული კობა ლეთოდიანის შვილი, ნათია ლეთოდიანი ტელეკომპანია “რუსთავი2-ს” სიცრუეში ამხელს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ებრაელი ექიმები ყველაფერს ცდილობენ მათ სასიკეთოდ, ამ დროს კი ტელევიზიის დირექტორი ნიკა გვარამია ეთერში აცხადებს, რომ დემეტრე ნაყოფია და კობა ლეთოდიანი უსინათლოები იქნებიან.
“როცა ებრაელი ექიმები ყველაფერს ცდილობენ, ჩვენთვის სასიკეთო გააკეთონ, კონსილიუმები აქვთ, მსჯელობენ, უკეთეს შედეგს როგორ მიაღწიონ, ოპერაციები კეთდება, რეაბილიტაციას გავდივართ, მოლოდინში ვართ… ამ დროს გამოდის ტელევიზიის დირექტორი და სრულიად უცერემონიოდ აცხადებს, რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, დემეტრე ნაყოფია და კობა ლეთოდიანი, თურმე, უსინათლოები არიან და მორჩა! დასრულდა ყველაფერი! არც პაციენტების მდგომარეობის გათვალისწინება, არც მათი ოჯახის წევრები, მხოლოდ საკუთარი ინტერესები! რომელი სამედიცინო დასკვნების მიხედვით განაცხადეთ ბატონო ნიკა გვარამია, ჩვენც გვითხარით, თუ ექიმები გვატყუებენ, თქვენ აგვიხილეთ თვალი… ნოდარ მელაძე და დავით ქაშიაშვილი ამიტომ ითხოვდით ჩვენგან კომენტარებს, რომ შემდეგ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები გეკეთებინათ? გაეცით პასუხი დემეტრე ნაყოფიას, ებრაელ ექიმებზე მეტი გცოდნიათ და თქვენ გვითხარით, რა იცით დამატებით ჩვენი მდგომარეობის შესახებ… როგორ ბედავთ ადამიანების მდგომარეობის ასე გამოყენებას, სხვა სკანდალური ვერაფერს ნახეთ და ჩვენ მოგვადექით? სხვა სიტყვებით შეფასებებს შეგნებულად ვერიდები!!!
ეკა კვესიტაძე – გიყვართ კომენტარებისა და პოსტების კითხვა გადაცემებში და ამ პოსტის წაკითხვასაც ველი თქვენგან სწორედ ისეთივე აღელვებული ხმის ტემბრით, როგორც ჩემი წინა კომენტარი წაიკითხეთ!”, – წერს ნათია ლეთოდიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები