ანრი ოხანაშვილი: „ნაცმოძრაობა” არის მე-5 კოლონა, რომელიც საკუთარი საზოგადოებისა და ქვეყნის  ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს

„ნაციონალური მოძრაობა” არის მე-5 კოლონა, რომელიც საკუთარი საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესების  წინააღმდეგ მოქმედებს. ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, გაწირავენ საზოგადოებასა და ქვეყანას, თუკი  როგორმე მიეცემათ ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით მოსვლის შესაძლებლობა”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
​მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” ქვეყნის განვითარებისა და გამთლიანების არანაირი ინტერესი   ამოძრავებს.
„ჩვენ ვნახეთ და ყველამ ვიცით, რით დასრულდა ხელისუფლებაში მათი ყოფნა, როგორი სავალალო  შედეგები ჰქონდა ჩვენთვის როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, დემოკრატიული განვითარების  თვალსაზრისით. შესაბამისად, მათი ეს ქმედებები ერთ-ერთში მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ყველა მათი  ნაბიჯი, თუკი მათ კარგად დავუკვირდებით და დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება ამას ძალიან კარგად  ხვდება, ემსახურება სწორედ რუსეთის ინტერესებს.
​ჩვენ არ ვითანამშრომლებთ „ნაციონალურ მოძრაობასთან”, ვისთვისაც სულერთია ადამიანის უფლებები, ადამიანის ღირსება, ჩვენი ქვეყნის განვითარება, მათთან ჩვენ არ ვითანამშრომლებთ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
​რაც შეეხება სხვა პარტიებს – იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ჯერ ამ პარტიებმა უნდა  უზრუნველყონ მომხრეების მობილიზება, არჩევნებზე წარდგომა და შესაბამისი მხარდაჭერის მოპოვება.
„ჩვენი თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება, მშვიდობა,  უსაფრთხოების დაცვა ქვეყანაში და მისი შემდგომი დემოკრატიული განვითარება. რომელი პარტიებიც ამ  ღირებულებას გაიზიარებენ და შეძლებენ მხარდაჭერების მობილიზებას, ამაზე უკვე შემდგომ ვიმსჯელებთ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები