გოგა ხაინდრავა: როგორც ჩანს, “ნაცმოძრაობა” 20-21 ივნისს საოკუპაციო ჯარს ქართული პოლიციის სახით ებრძოდა

“როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობა“ 20-21 ივნისს საოკუპაციო ჯარს ქართული პოლიციის სახით ებრძოდა”, – ამის შესახებ განცხადება კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის“ ეთერში გააკეთა.
„იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის წინ ებრძვის ოკუპაციას,  ადასტურებს ნიკანორ მელიას პოსტი, სადაც ის წერს, რომ „არავის   მოსვლია შეტაკება სპეცრაზმთან, ისინი წარმოადგენდნენ საოკუპაციო რეჟიმს, ისინი ემსახურებოდნენ რუსეთის ფედერაციას“.
როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ 20-ში 21-ში საოკუპაციო ჯარს ებრძოდა ქართული პოლიციის სახით, ამიტომ, ასე ვთქვათ, მათი ძალისხმევა დაგვირგვინდა წარმატებით, უკუაქციეს საოკუპაციო ჯარი, იმიტომ რომ ახლა თვითონ არიან იქ გამაგრებულები.
ეს ძალიან სახიფათოა საქართველოსთვის და ყოველთვის სახიფათო იყო. აბსოლუტურად ნათლად ვხედავთ ყველანი და ყველამ ვიცით უკვე, რასთან გვაქვს საქმე და ვისთან გვაქვს საქმე და რას წარმოადგენენ ეს ძალები“, – ამბობს ხაინდრავა.
კინორეჟისორი წარსულში „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტებს იხსენებს და აცხადებს, რომ ეს არის მოჯადოებული სივრცე, რომელსაც გვარამიას მსგავსი სუბიექტები წარმოადგენენ და ამას აყოლილია პრესის დიდი ნაწილი.
„მე სპეციალურად ამოვკრიბე გამონათქვამები, მათი პოზიციები საქართველოსადმი, საქართველოს წარსულისადმი, მისი აწმყოსადმი, მისი მომავლისადმი. ლევან ბერძენიშვილმა ბრძანა: „იაკობ გოგებაშვილის დედაენის აღდგენა სკოლებში არის მავნებლობა, ნიკა გვარამიამ ღვინოში და წყალში ჩაგვიფსა და ამასთან დაკავშირებით გაუგებრობაშია, რომ არ მოეწონა ეს ქართველ ხალხს.
მინდა გაგახსენოთ, თავის დროზე, როდესაც ძალიან დიდი უბედურება დაატყდა საქართველოს, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სახით, „რუსთავი 2“ სიუჟეტს აკეთებდა და მთელმა საქართველომ მოისმინა, ძლივს ჩამქრალ ხანძარზე როგორ თქვა ამ ტელევიზიის წარმომადგენელმა, ჩაქრა, მაგის დედაო და ა.შ. კიდევ ერთი მაგალითი საჯაროდ ცნობილი – კანდელაკი, მაშინ როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთ სხდომაზე ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებას იღებდნენ, დადიოდა და ევროპარლამენტარებს ეუბნებოდა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია არ უნდა მიეცათ. აი, ამ ხალხთან გვაქვს საქმე. მადლობა ღმერთს, რომ ნელ-ნელა ეს დაპყრობილი სივრცე ამ სიცრუით, სიყალბით, ცილისწამებით, ანტიქართული ჟღერადობით, ანტისახელმწიფოებრივი აზროვნებით და დამოკიდებულებით ნელ-ნელა იხსნება. იმიტომ რომ, ეს არის მოჯადოებული სივრცე, რომელსაც გვარამიას მსგავსი სუბიექტები წარმოადგენენ და ამას აყოლილია პრესის დიდი ნაწილი.
ეს არის დიდი კასტა, რომლის ამოცანაა, დაინგრეს ეს ქვეყანა, დაიწვას ეს ქვეყანა, ეს ქვეყანა გახდეს მონა იმ ძალების, ვინც მათ აფინანსებენ, ფულს აძლევენ და ეს არ არის მტრული სახელმწიფოების ნამოქმედარი, ძალიან ხშირად ესენი წარმოადგენენ იმ სახელმწიფოებს, რომელთანაც ძალიან მეგობრული ურთიერთობები გვაქვს. ეს ძალები არსებობენ, ეს ძალები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლების სადავეები საქართველოში და აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა არ დამშვიდდეს.
ამის უკანასკნელი მაგალითია ე.წ. კვლევა IRI-ს, სადაც ნახსენებია, რომ ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი საქართველოში ყოფილა ბატონი ბაქრაძე, რომელიც 2008 წელს ამავე დროს იყო წინამძღოლი სამხედრო ძალების და მოუწოდებდა ქართველ საზოგადოებას, რომ დანა-ჩანგლით დაპირისპირებოდა ოკუპანტს. ეს არის რეალური სურათი, სამწუხარო სურათი, მაგრამ მადლობა ღმერთს, ეს ადამიანები არიან ძალიან პატარა ჯგუფი, აქვთ შესაძლებლობები, გააჩნიათ საკუთარი პრესა, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ქმნიან ფონს სახალხო აღშფოთების, თუმცა ეს სახალხო აღშფოთება არსად არ ჩანს, არც რუსთაველზე არ ჩანს იმიტომ, რომ ის პერფორმანსი,რასაც ჩვენ ვუყურებთ, გასაგებია, რასაც წარმოადგენს“. – აღნიშნა ხაინდრავამ.
მისი თქმით, მიტინგებზე არიან ადამიანები, რომლებიც მომიტინგეებად მუშაობენ და მათ ახლა აღმოაჩინეს, რომ საქართველო ოკუპირებულია.
„იქ მუშაობს მომიტინგედ რამდენიმე ადამიანი, ერთ-ერთი მაქარაშვილი, რომელიც ახლა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი გახდა და ეტყობა, მაგან გავრილოვის ჩამოსვლასთან ერთად აღმოაჩინა და გაიგო, რომ საქართველო ოკუპირებულია და 1801 წლიდან რომ ხდება ეს ოკუპაცია და არცერთი დღე რომ არ შეწყვეტილა, ეს არ იცოდა, გავრილოვმა მოიყვანა აზრზე და თანაც ეს არის ადამიანი, ვინც რუსული პარტიის პრესსპიკერი იყო, გორჩაკოვის ფონდში დადიოდა ძალიან ხშირად მოსკოვში და ფოტოებიც არსებობს და შეგიძლიათ, სოციალურ ქსელში ნახოთ ეს ყველაფერი და ახლა აღმოაჩინა, რომ თურმე საქართველო არის ოკუპირებული.
იქ არიან ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდებად მუშაობენ, ტელეწამყვანებისა და პოლიტიკური ლიდერების შვილები, რომლებიც ახალგაზრდულ აღშფოთებას განასახიერებენ. რეალობა არის სულ სხვა და ამ რეალობას ჩვენ ყოველდღე ვხედავთ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები