ნიკოლეიშვილი კახიძე-ბოკერიას განცხადებებზე: ყველამ აღიარა, რომ ძალადობრივი ქმედება, თუნდაც ხელებაწეული, მშვიდობიანი ჟესტით, მიუღებელია

“აბსოლუტურად ყველამ აღიარა უკვე, რომ ძალადობრივი ქმედება, თუნდაც ხელებაწეული, მშვიდობიანი ჟესტით, რაც შეიძლება, ტაქტიკის ნაწილი იყოს, ყველასთვის მიუღებელია”, – ასე ეხმაურება ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ლევან ნიკოლეიშვილი „ევროპული საქართველოს“ ლიდერების, ოთო კახიძისა და გიგა ბოკერიას განცხადებებს, რომელიც მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას მისამართით გააკეთეს.
როგორც ნიკოლეიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა, აუცილებელია, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.
„ამ სიტუაციიდან ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა დარჩენილი, რაც უნდა გაცვეთილ ფრაზად უნდა იყოს ეს წარმოდგენილი – უნდა დაველოდოთ გამოძიებასა და მის შედეგებს.მას შემდეგ, რაც მელიამ განცხადება გააკეთა და წარმოაჩინა ვიდეო იმისა, რომ მშვიდობიანად იქცეოდნენ ის და მისი მომხრეები, თითქოს, დაძაბულობის კერა არ იყო, ეს, რა თქმა უნდა, გაკეთებულია იქედან გამომდინარე, რომ მან თავი დაიცვას. მას ჰყავს ადვოკატები, დამცველები, რომლებიც ათასნაირ რჩევას აძლევენ და ეს, შეიძლება, მისი ერთგვარი ტაქტიკის ნაწილიც იყოს. პროკურატურა ამბობს, რომ მათ გადასცეს ეს ვიდეომასალა მელიას ადვოკატებს შესასწავლად და მათ იქედან ამოიღეს მხოლოდ ის ნაწილი, რაც აწყობდათ.
ერთი მხრივ, ეს რაღაც დამაჯერებლობის ნიშანს ატარებს, ვინაიდან ვიცით, რომ ესკალაცია როცა მიმდინარეობდა, წავიდოდა დაძაბულობა ერთ მხარეს, მერე ჩაქრებოდა ეს მუხტი; მეორე მეორე მხარეს დაიწყებოდა, ტალღისებურად იყო, პარალელურ რეჟიმში ვითარდებოდა ეს ყოველივე. ამ ყველაფერს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, ფაქტია, რომ თუნდაც ყოფილიყო ასეთი მშვიდობიანი განზრახვა, ჩვენ ვხედავთ სურათს, რომელიც გამოწვეული იყო პოლიციელების მიმართ უხეშობით, პარლამენტში შეჭრის მცდელობით. ეს მცდელობა რით იყო განპირობებული, მოდი დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ამას უკვე მოჰყვა ასეთი შეფასება, რომ იყო შტურმი, ძალადობრივი გზით შესვლა, სახელმწიფო ინსტიტუტის აღება და ა.შ. ამას რა მოჰყვებოდა კიდევ, კაცმა არ იცის.
არცერთ ქვეყანაში კანონის მიხედვით დაუსჯელი არ რჩება, როცა ვიღაც ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებს საკონსტიტუციო, საკანონმდებლო ორგანოების, სახელმწიფო შენობების მიმართ. პოლიცია ამ დროს ასრულებს თავის მოვალეობას, რაც მათ გაწერილი აქვთ წესდებით, შესაბამისი პროტოკოლებით.
ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას . საინტერესო მომენტია, რომ მათ რიგებშიც აღმოჩნდა ერთგვარი ყოყმანის ელემენტები, რაც გამოიხატა ოთო კახიძის განცხადებაში. ბოკერიამაც დაუჭირა მხარი ამ განცხადებას. აბსოლუტურად ყველამ აღიარა უკვე, რომ ძალადობრივი ქმედება, თუნდაც ხელებაწეული, მშვიდობიანი ჟესტით, რაც შეიძლება, ტაქტიკის ნაწილი იყოს, ყველასთვის მიუღებელია. როგორც ჩანს, მათ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრების დროს მიიღეს ძალიან მკაცრი მესიჯი ამასთან დაკავშირებით, რომ ამის გამართლება არავის შეუძლია“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.
მისივე თქმით, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები ამბოხების მცდელობა იყო.
„ეს ნამდვილად იყო ამბოხების მცდელობა. მათი ლიდერების მხრიდან გვქონდა სურათი, როცა იყო მსგავსი მოწოდებები, ისევ და ისევ, სანდრა რულოვსის განცხადება – იარაღს ხელში ავიღებო; სააკაშვილის არაერთი მოწოდება, დავამხოთ ეს ხელისუფლებაო, თითქოს, მისი კავშირები სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელებთან, არაერთი მოწოდება, სამხედროებსა და პოლიციელებს არ შეესრულებინათ ბრძანება და გადასულიყვნენ ხალხის მხარეს. ნებისმიერი ასეთი ქმედება, როცა პოლიცია, შეიარაღებული ძალები არ ასრულებენ იმ ბრძანებას, რაც კონსტიტუციით ევალებათ და გადადიან არა ხალხის, არამედ ამ შემთხვევაში ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მხარეს, არის ამბოხება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობა. ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს ხელისუფლება, საზოგადოების მთავარი მიზანი ის არის, რომ მშვიდობიანად განვითარდეს პროცესები“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
ცნობისთვის, ნიკა მელიამ 20 ივნისის ღამეს გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც პარლამენტის წინ ცრემლსადენი გაზის გაშვებამდე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებია ასახული. მელიას თქმით, კადრებით მტკიცდება, რომ აქციის დაშლა სწორედ იმ დროს დაიწყო, როცა ოპოზიცია ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ შეხვედრას ათანხმებდა.
გენერალური პროკურატურა 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნიკა მელიაა და მისი ადვოკატის მიერ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ვიდეომასალა, რომელიც უტყუარად ადასტურებს მელიას ბრალეულობას, მოიპოვა ბრალდების მხარემ და კანონის მოთხოვნათა დაცვით გადასცა დაცვის მხარეს, დაცვის მხარემ კი მასზე დაყრდნობით შექმნა ვიდეომასალის საკუთარი ვერსია და, მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, განსხვავებული ინტერპრეტაციით მიაწოდა საზოგადოებას.
“ვიდეომტკიცებულების სრული ვერსიის დეტალური ანალიზის შედეგად ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობდა ნიკანორ მელია, პარლამენტის შენობაში შეჭრის მიზნით განხორციელებული ძალადობრივი აქტისთვის მოჩვენებითად მიეცა მშვიდობიანი ხასიათი, რაც მას, სავარაუდოდ, სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის აცილების მიზნით სჭირდებოდა. ნიკანორ მელია, რეალური დანაშაულებრივი განზრახვის შესანიღბად, პერიოდულად იყენებდა ისეთ მოწოდებებს, როგორიცაა ,,ჩვენ უნდა შევიდეთ, მშვიდობიანად, ხელებაწეულები პარლამენტის შენობაში“ და ასე შემდეგ”, – აცხადებენ პროკურატურაში.
რაც შეეხება ოთო კახიძის განცხადებას – ის “ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ ნიკა მელიას მოწოდება იყო პოლიტიკურად უპასუხისმგებლო, მიზანშეუწონელი, შეცდომა და არასწორი საქციელი ლიდერის მხრიდან. მისივე შეფასებით, როგორც მინიმუმ, ხელისუფლებას ამით მიეცა საბაბი, ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებში დაედანაშაულებინა.
„კატეგორიულად ვემიჯნები, ახლაც და სხვა დროსაც გავემიჯნები მსგავს უპასუხისმგებლო მოწოდებებს და ვერანაირი პარტიული კონიუნქტურა მაიძულებს, სიმართლის ნაცვლად ტყუილი ვილაპარაკო“, – განაცხადა კახიძემ.
გიგა ბოკერიამ კი განაცხადა, რომ მთლიანად იზიარებს კახიძის პოზიციას, რომლის თანახმადაც მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო.
„ამ ტიპის განცხადებები, სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, სულ მცირე, ივანიშვილს უადვილებს პროპაგანდას. ჩემი აზრით, „ ნაციონალური მოძრაობა“ ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს, ან არ შეეგუოს და აწარმოოს ამაზე დისკუსია“, – განაცხადა ბოკერიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები