კლაუდია როთმა საქართველოსთან მიმართებით რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევებზე ისაუბრა

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა”, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტმა, კლაუდია როთმა  რუსეთის მიერ საქართველოში გავლებულ მავთულხლართებზე ისაუბრა.
„როდესაც გორში ჩავედი და დავინახე მავთულხლართები, ღობეები, მცოცავი ოკუპაციის რეალობა და აგრესია, ჩემზე ამან ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. თუ ვლადიმერ პუტინი ისტორიაზე საუბრობს, გაიხსენოს, რა მოხდა 1991 წელს, სწორედ მაშინ განისაზღვრა საზღვრები და ისინი აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც შემდეგ მოხდა უკრაინაში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში. ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, უნდა შევასრულოთ უფრო აქტიური როლი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. საერთაშორისო სამართლის დარღვევას ვერ გაუძლებს ის ხიდები, რომელთა აგებას სხვადასხვა ქვეყანას შორის ამდენი შრომა დასჭირდა”, – განაცხადა კლაუდია როთმა.
კლაუდია როთმა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის დემოკრატიის მუდმივად განვითარებისა და რეფორმების სრულყოფის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის კომენტართან დაკავშირებით, რომელმაც საქართველოში დემოკრატიის ხარისხი ბელარუსის ხარისხს შეადარა, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტმა განაცხადა, რომ, მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია.
„შეუძლებელია საქართველო შეადარო ბელარუსს, საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები შეიძლება კვლავ არსებობდეს. რამდენადაც ვიცი, დემონსტრანტებს სამი მოთხოვნა აქვთ, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა, რაც შესრულდა, ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რაც ასევე შესრულდა და ვფიქრობ ეს კარგი შანსია 2020 წელს მოახლოებული არჩევნებისთვის, რადგან ის პარლამენტში პოლიტიკური პარტიებისა და კოალიციების მრავალფეროვნებას შემოიტანს, და მესამე: შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ამასთან დაკავშირებითაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩატარდება გამოძიება პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით და დადგება სათანადო შედეგი”, – აღნიშნა კლაუდია როთმა.
მისი თქმით, დაუშვებელია ნებისმიერი სახის კომპრომისი, როდესაც საქმე შეეხება პრესის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას.
„მაგრამ ეს საკითხი დგას ევროკავშირის შიგნითაც, ვაკვირდები რა ხდება უნგრეთში, იტალიაში, ადგილი აქვს ადამიანის ინდივიდუალური უფლებების დარღვევას. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ სანდოები, როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვერ დავუშვებთ ევროპული ღირებულებების შელახვას. აუცილებელია რომ დადგეს შედეგი“, – განაცხადა როთმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები