მუსიკალური განათლება ბავშვობიდან არ მიუღია. საოპერო მუსიკის მხოლოდ მსმენელი იყო. 16 წლის ასაკში კი აღმოაჩინა, რომ ხმაც ჰქონია.
შემდეგ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, სწავლობდა ასევე ვენის რიხარდ ვაგნერის სახელობის კონსერვატორიაში (ავსტრია).
ჰქონდა გალა კონცერტები – იტალიაში, ავსტრიასა და გერმანიაში.
2023 – საოპერო სტუდია “Adads’’ (მილანი, იტალია) შეასრულა მიქაელას პარტია ოპერიდან „კარმენი“ (ჟორჟ ბიზე) – ხელმძღვანელი და დირიჟორი – Marco Beretta. 2024 – Romantik Theater (ავსტრია) – დონა ალეგრიას პარტია როლანდ ბაუმგართნერის ოპერეტადან “Träume im Orientexpress’’ (ხელმძღვანელი და დირიჟორი – Roland Baumgartner).
2024-2025 Opera Classica Europa (გერმანია) – გალა – კონცერტები ორკესტრთან ერთად;
ფრანც ლეჰარის ოპერეტა “Das Land des Lächelns’’ (ხელმძღვანელი: Michael Vaccaro, დირიჟორი: Hans Härle).
2025 წლის აპრილიდან გერმანიის ცენტრალურ საოპერო სააგენტოშია.
2025 წლის მაისში შეასრულა მაგდანის როლი სპექტაკლში „იავნანამ რა ჰქმნა“?! (თბილისის მრავალფუნქციური დამოუკიდებელი თეატრი).
აქვს მეორე პროფესიაც – დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. არის ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. – საოპერო მომღერლის, ნათია თაბაგარის პერსონა.
– საინტერესო ბავშვობიდან?

– ადრეული ბავშვობიდან დავყავდით დედას სპექტაკლებზე. სახლში კი ჩემი ძმისთვის ვდგამდი თოჯინურ სპექტაკლებს. ჩემი ერთმანეთი მაყურებელი ის იყო. ასევე, სარკეებიანი კომოდიდან ვატარებდი კონცერტებს და ვკითხულობდი ლექსებს. ჩამქრალ შუქში წარმოვიდგენდი, რომ ხალხით სავსე დიდი დარბაზის სცენაზე ვიდექი.
ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება. ბავშვობაში მარტოს მიყვარდა ყოფნა და თამაში. საკუთარი ლაბორატორია მქონდა სახლში – ბებია მამარაგებდა ინვენტარით. თოჯინებს ქირურგიულ ოპერაციებს ვუტარებდი. ძალიან მსიამოვნებდა „მასწავლებლობანას“ თამაში. ვირტუალური მოწაფეები მყავდნენ და მათ ვასწავლიდი, რასაც მე ვსწავლობდი.
მოგვიანებით, ჩემი კლასელები მომყავდა სახლში და მათ ვეხმარებოდი მეცადინეობაში. მახსოვს, 1995 წლის ზამთარში (5 წლის ვიყავი) საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგება შეუწყდა. სახელდახელოდ, მამამ ძველი ღუმელი და შეშა იშოვა. შეშა საკმარისიარ იყო, ამიტომ მხოლოდ დილით და საღამოს ვანთებდით ღუმელს. დღის განმავლობაში, საბავშვო ბაღიდან მოსულებს, დედა გვახტუნავებდა და გვაცეკვებდა. თავად ჩვენთან ერთად ხტუნაობდა და მღეროდა, რომ სიცივე არ გვეგრძნო. ასე თამაშ-თამაშში გადაგვატარა უმკაცრესი ზამთარი ისე, რომ ერთხელაც არ დაუწუწუნია.
– როგორც ვიცი, მუსიკალური განათლება ბავშვობიდან არ მიგიღიათ…
– ბავშვობიდან საოპერო მუსიკასთან შეხება მქონდა მხოლოდ, როგორც მსმენელს. 16 წლის ასაკში აღმოვაჩინეთ, რომ ხმა მქონია.
ძალიან საინტერესო ისტორიაა – ჩვენი ოჯახის ახლობელმა, დიდებულმა ქალბატონმა ნონა თვარაძემ დახატა ჩემი პორტრეტი. რამდენიმე კვირაში აღმოვაჩინეთ, რომ ხმა მქონია. ქალბატონმა ნონამ ჩააბარა ჩემი თავი ჩემს პირველ მასწავლებელს – ქალბატონ ბაია გრიგოლიას (უთხრა, ,,სუფთა ფურცელს“ გაბარებო). მიმიყვანა მუსიკის თეორიის პედაგოგთან – მაკა კობერიძესთან (დღეს ჩემს უახლოეს მეგობართან). რეალურად, ვოკალშიც და თეორიაშიც უნდა მოგვემზადებინა მასალა, რომელსაც ადამიანები ბავშვობიდან ეტაპობრივად სწავლობენ. ამ ადამიანებს ჩემზე უდიდესი ამაგი აქვთ.
ბაია მასწავლებელი დღემდე სიყვარულით, უპირობოდ და უანგაროდ მეხმარება და გვერდში მიდგას.
– დაამთავრეთ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და სწავლობდით ვენის რიხარდ ვაგნერის სახელობის კონსერვატორიაში (ავსტრია)…

– კონსერვატორიაში ჩემმა მაესტროს – ელდარ გეწაძეს, ნატალია ვოლჩენკოსა და მარინა შენგელიას უდიდესი ღვაწლი მიუძღვით ჩემს ვოკალისტად ჩამოყალიბებაში. მადლიერი ვარ უფლის და სამყაროსი, რომ ამ ადამიანებს შემახვედრა. უდიდესი შრომა, მოთმინება და სიყვარული ჩადეს ჩემში.
საკუთარი ოჯახის წევრად მიმიღეს, მოთმინებითა და უპირობო სიყვარულით ყოველდღიურად საათობით მუშაობდნენ ჩემთან. მას შემდეგ, უამრავი ადამიანი დამხმარებია და მეხმარება ჩემს პროფესიულ განვითარებაში, მაგრამ მათ ლომის წვლილი მიუძღვით. პირველად სწორედ მათ აღმოაჩინეს, რომ ვაგნერის სოპრანო ვარ (ხმის სპეციფიკური ტემბრი, რომელიც განკუთვნილია რიხარდ ვაგნერის ოპერებისათვის).
ავსტრიაში სწავლის გაგრძელებისას, საინტერესო გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდი. ვოკალის გაკვეთილი კვირაში მხოლოდ ერთი საათი გვქონდა. მაგრამ ჩემი პროფესორი – ეველინ შორკჰუბერი თავისი კეთილი ნებით, კვირაში ორ გაკვეთილს მიტარებდა.
საქართველოში ყოველი გამოცდისა და კონცერტის წინ ჩემი პედაგოგები გვერდში მედგნენ და ხმის გამღერებაში მეხმარებოდნენ. იქ კი – ეს ყველაფერი ჩემით უნდა გამეკეთებინა. სამაგიეროდ, ამან თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა შემმატა. პატარა ელექტრო ფორტეპიანო შევიძინე და შინ ვმუშაობდი მუხლჩაუხრელად. ასევე, გერმანული ვოკალური სკოლა რადიკალურად განსხვავდება ქართულისგან, რომელიც ძველი იტალიური bel canto-ს მემკვიდრეა და შერეულია რუსული სკოლის ელემენტებიც.

ვფიქრობ, კარგი მომღერალი ყველაფერს უნდა გაეცნოს და შემდეგ თავისი ნიშა იპოვოს. ავსტრიაში სრულიად უცნობმა ადამიანმა – ევამ შემომთავაზა თავის სახლში ცხოვრება უანგაროდ. კედლებზე სახლში მთავარანგელოზების სურათები ეკიდა. გავაცნობიერე რომ ზეციდან იყო ეს საჩუქარი.
– გაქვთ მეორე პროფესია – ადვოკატი. როგორ თავსდება ერთმანეთთან ორი პროფესია – ოპერის მომღერლობა და სამართალი?
– ორივე პროფესია უდიდეს ენერგიას, პასუხისმგებლობასა და მუდმივად განვითარებას მოითხოვს. სიმღერა, პროფესიასთან ერთად, ჩემი ჰობიც არის – სასიცოცხლო ენერგიით მავსებს, სულს მიხარებს. ორივე პროფესიაზე კონცენტრაციისას, ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება სიმღერის ხარისხზე. ჩემი ოჯახის – მშობლებისა და ძმის მხარდაჭერით, ამ ეტაპზე მხოლოდ მუსიკას ვუძღვნი თავს. ჩემს შვილზეც ისინი ზრუნავენ. უსაზღვროდ მადლიერი ვარ მათი. განსაკუთრებით დედის – მისი დამსახურებაა ჩემი ყოველი წარმატების 55 პროცენტი.

– გალა კონცერტები გქონდათ – იტალიაში, ავსტრიასა და გერმანიაში.
– 2016 წელს იტალიაში 2 კონკურსში (ნეაპოლსა და ფაზანოში) მიღწეული წარმატების შემდეგ დაიწყო ჩემი კონცერტები ევროპაში. 2018 წელს ვენაში (ავსტრია) კონკურსზე მივიღე ჟიურის სპეციალური პრიზი „აიდას“ არიის საუკეთესო შესრულებისათვის ვერდის ოპერიდან „აიდა“. ამას მოჰყვა, რამდენიმე თვეში, სტუდენტობის პერიოდში, კონცერტები დიდებულ მუსიკოსებთან ერთად საოცარ, ისტორიულ დარბაზებში.
2023 წლის მარტში მილანში საოპერო სტუდიაში ვიმღერე მიქაელას პარტია ჟორჟ ბიზეს ოპერიდან ,,კარმენი“. ხელმძღვანელი და დორიჟორი მარკო ბერეტა (2022 წლის ზაფხულში ჩატარებული ონლაინ მოსმენის (კანდიდატების მიერ გაგზავნილი ჩანაწერების) საფუძველზე შემარჩიეს ამ როლზე.
2023 წლის სექტემბერში შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისას, მაესტრო ბოჟიდარ ნიკოლოვმა შემარჩია თავის ჯგუფში და ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდა ჩემთან. 2024 წლის თებერვალში კი მიმიწვია ვენაში თავისი მასტერკლასების კვირეულში და კონცერტებში მონაწილეობისათვის. იქ შევხვდი მაესტრო როლანდ ბაუმგართნერს, რომელმაც შემომთავაზა პარტია თავის ოპერეტაში (,,Träume im Orientexpress„ – ოცნებები აღმოსავლეთის ექსპრესში) თავისსავე დაარსებულ Romantik Theater-ში.
თვე-ნახევარში მოვამზადე პარტია ჩემი კონცერტმაისტერის – ქეთევან გელაშვილისა და პირველი მასწავლებლის – ბაია გრიგოლიას დახმარებით. ამას მოჰყვა აგვისტოში წარმატება გერმანიაში – რომანა ვაკაროს სახელობის კონკურსზე და დამფუძნებლის პრიზი – გალა კონცერტი ისტორიულ Kloster Eberbach-ში. 2025 წლის ზაფხულში კი კონცერტები და ფრანც ლეჰარის ოპერეტა ,,ღიმილის ქვეყანა“ (,,Das Land des Lächelns„).

– 2025 წლის აპრილიდან აგიყვანათ გერმანიის ცენტრალურმა საოპერო სააგენტომ… რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს პერიოდი თქვენთვის?
– ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის საოპერო თეატრებში მოღვაწეობისათვის. ვინაიდან სააგენტოს სარეკომენდაციო წერილის საფუძველზე უნიშნავენ თეატრები მომღერლებს მოსმენებს და დებენ კონტრაქტს.
– საოპერო ხმა, რომელიც მუდამ თან გდევთ….

– ხმა უფლის საჩუქარია და, შესაბამისად, ის არაა ჩვენი ღირსება და დამსახურება. ამასთან, სიმღერისთვის მხოლოდ ხმა არ კმარა (ერთ-ერთი კომპონენტია). ჩვენ შეგვიძლია ჩვენი შრომით, სუნთქვისა და სიმღერის სწორი ტექნიკით, ფრაზებზე მუშაობით, ცხოვრების ჯანსაღი წესით ხმას შევძინოთ კეთილშობილება. ჩვენი ინსტრუმენტი ხომ ჩვენი სხეულია…
წინასწარ არასდროს ვიცით, დაწყებულ არიას თუ დავასრულებთ. ასევე, მენტალური და სულიერი მდგომარეობა უდიდეს გავლენას ახდენს ხმაზე. სიმღერისას ხომ ვავრცელებთ ჩვენს შინაგან ენერგიას, რომელიც შეიძლება საკურნებლად ან დამანგრევლად მოევლინოს მსმენელს.
– თქვენი საყვარელი პარტია, ანდა პარტია, რომლის შესრულებაც გულით გინდათ?
– გამოვარჩევ აიდას (ვერდის ოპერიდან „აიდა“), რომელიც ჩემს პიროვნებასთან ძალიან ახლოს არის. ჩემი მიზანია ბრუნჰილდეს პარტიის სიმღერა ვაგნერის ტეტრალოგიიდან „ნიბელუნგების ბეჭედი“ და გეგმაზომიერად მივაბიჯებ აქეთ..

– საინტერესო ისტორია…
– მინდა, გავიხსენო ერთი ისტორია. ქალბატონმა რომანა ვაკარომ 2020 წელს ამიყვანა თავის თეატრში (გერმანია) სტაჟიორად. სამწუხაროდ, პანდემიის გამო ეს პროექტი ჩაიშალა. თუმცა, ამ წლების განმავლობაში, ქალბატონი რომანა ონლაინ მაძლევდა რჩევებს ვოკალში და მეხმარებოდა (სრულიად უანგაროდ).
2024 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, დაარსდა მისი სახელობის კონკურსი. გარდაცვლილმა ადამიანმა სიზმარში დამპატიჟა ამ კონკურსზე. მეც დავრეგისტრირდი და ვიმღერე. მივიღე დამფუძნებლის პრიზი – გალა კონცერტი Kloster Eberbach-ის გრანდიოზულ, ისტორიულ დარბაზში. ახლა ამ თეატრის მიწვეული სოლისტი ვარ.
სრულიად უცნობ ადამიანებს მიგზავნის უფალი დამხმარედ.
– მუსიკა არის…
– სამყაროსთან ურთიერთობის ერთ – ერთი საშუალება.
– ჰობი…
– კიდევ ერთი ჰობი მაქვს – ბოლო 1 წელია (არ ვიცი, რამდენად საინტერესო იქნება სტატიისთვის) ვამზადებ ტორტებს და შემდეგ ვხატავ ტორტებზე. ამასაც ჩემთვის საყვარელ ადამიანებს ვჩუქნი.
გასული წლის ოქტომბრიდან გადავწყვიტე კონდიტერიის პროფესიონალურად შესწავლა კოლეჯ „მერმისში“. ძირითადად, მზის სიმბოლოებს ვხატავ.
– 2011 წლიდან თსუ-ს ალპინისტური კლუბის წევრი ხართ. როგორ დაიწყო მთების სიყვრული?
– მამა პროფესიით გეოლოგია და მისგან გამომყვა მთების სიყვარული. 2011 წლიდან თსუ – ს ალპინისტური კლუბის წევრი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ შევხვდი ლეგენდარულ ალპინისტებს – შოთა მირიანაშვილს, დიმიტრი დანგაძეს, აკაკი (ხუტა) ხერგიანს, რომლებმაც მაზიარეს მთას და მწვერვალზე ასვლის სიხარულს.
მთებთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს.
როცა ამის დრო მოვა, მყინვარწვერზე პატარა ტაძარში დავიწერ ჯვარს. ხშირად, სრულიად მარტო, კარვით ვსტუმრობ მთას რამდენიმე დღით.
ბოლო 2 წელია, მთაში მოგროვებული ქვებისა და კრისტალებისგან ვქმნი სანათებს და ძვირფას ადამიანებს ვჩუქნი.
– ულამაზეს სანათებს ამზადებთ. ერთი სანათის ისტორია…
– 2022 წლის დეკემბერში მინდოდა მამასთვის დაბადების დღეზე ჩემი შექმნილი საჩუქრის მომზადება, რომელშიც სულსა და გულს ჩავაქსოვდი. ჩემთვის უძვირფასესმა ადამიანმა მომცა რჩევები ელექტრობასთან დაკავშირებით.
ხადის თოვლიან ხეობაში მოვაგროვე ქვები და კრისტალები. ასევე გამოვიყენე სხვა მწვერვალებიდან ჩამოტანილი კრისტალებიც. იმ დღიდან დავიწყე სანთების შექმნა. სანათებს ვაწერ: „განათდი“. ამით ვუგზავნი და ვუზიარებ საჩუქრის ადრესატის სინათლისა და სიყვარულის ენერგიას.
იხ. https://www.facebook.com/share/19HMdAPe9y/
– ტორტები მზის სიმბოლოებით… როგორ დაიწყო კულინარიის სიყვარული?
– კულინარია ბავშვობიდან მიტაცებდა. ძალიან მიყვარდა და მიყვარს ექსპერიმენტები და ჩემეული ელემენტების შეტანა კერძებში. ახლაც თერაპიის როლს ასრულებს კულინარია ჩემს ცხოვრებაში. უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ცქერით, როდესაც ჩემს მომზადებულ საკვებს მიირთმევენ.
ტორტის გამოცხობაც ადრეული ბავშვობიდან დავიწყე. შარშან, ვენაში ყოფნისას, არ მქონდა შესაბამისი ინსტრუმენტები ტორტის გასაფორმებლად. ამიტომ ეზოში მოკრეფილი ცოცხალი ვარდებით მოვრთე და ფუნჯით დავხატე. იდეა მომეწონა და მას შემდეგ, ყოველთვის ვხატავ ტორტის ზედაპირზე. ძირითადად, მზის სიმბოლოებით. ვცდილობ, ტორტითაც სინათლის ენერგია გავუზიარო საყვარელ ადამიანებს.
იხ. https://www.facebook.com/share/16qH9cJVF4/
– სამომავლო გეგმები…
– სექტემბერში რამდენიმე კონცერტი და სპექტაკლი მაქვს გერმანიაში და ამისთვის ვემზადები ზაფხულის განმავლობაში.
თამარ შაიშმელაშვილი