დავით მათიკაშვილი: ჩვენი გზა არის ევროკავშირში, თუმცა ევროკავშირთან მისასვლელი გზა უნდა იყოს ღირსეული
,,ჩვენი გზა არის ევროკავშირში, თუმცა, ევროკავშირთან მისასვლელი გზა უნდა იყოს ღირსეული და ამ გზაზე ჩვენ საკუთარ სინდისზე, მორალზე, ნამუსზე, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე, დამოუკიდებლობაზე უარს ვერ ვიტყვით”,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ,,იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის შიგნით იზრდება იმის აღქმა, რომ ის უნდა დარჩეს პროგრესულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე აგებულ კავშირად და არა საბჭოთა კავშირად, სადაც მოსკოვიდან და კრემლიდან წყდებოდა ყველაფერი.
„განხილვისა და საუბრისთვის ჩვენ ყოველთვის ყველასთან მზად ვართ. თუმცა, არ შეიძლება ჰაერიდან მოტანილი, აბსოლუტურად ტყუილ ნარატივზე აგებული მოთხოვნები ჭეშმარიტებად გაასაღონ, ვინც არ უნდა იყოს ის და მერე ქართველ ხალხს მოსთხოვონ, რომ მარიონეტები და აგენტურა მოიყვანონ ხელისუფლებაში. ისეთი აგენტურა, რომელიც პირდაპირ, უპირობოდ შეუსრულებს „დიფ სთეითის” ყველა სურვილს საქართველოში. ისევე, როგორც 2012 წლამდე უსრულებდა. უნდათ იგივე გაკეთდეს დღეს და ეს შეუძლებელია.
„დიფ სთეითმა” რეალურად არ იცის საქართველოს მოსახლეობის, ერის რეალური გულისცემა როგორ არის. მათ ჰგონიათ, რომ ამ შანტაჟით საზოგადოებას გამოიყვანენ გარეთ და იმ გადაწყვეტილებას მიაღებინებენ რაც მათ სურთ და არა ჩვენს ქვეყანას. ჩვენს ქვეყანას იმ ომის ქარცეცხლში გაახვევენ, რაშიც უკრაინა გაახვიეს. მაგალითია უკრაინა ჩვენთვის. ჩვენ არაერთი ომი გამოვიარეთ და სამწუხაროდ არაერთი ნება-სურვილი შევუსრულეთ ამ ძალებს. ამ ყველაფრის ფონზე, რომ ქართველი ხალხი ამ პრიმიტიულ ნაბიჯს არ დასჯერდება და მით უმეტეს, სანამ ომია უკრაინაში იმ ნაბიჯებს ვერ და არ გადადგამს, რაც მათ, ამ ომის პარტიის ავანგარდში სურთ, ეს ხომ ფაქტია.
რატომ გაღიზიანდნენ 2024 წლის არჩევნებზე? იმიტომ, რომ ყველა ფსონი ამაზე დადეს, რომ აქ 2024 წლის არჩევნებში უნდა გაემარჯვა არა ქართველ ხალხს, არამედ აგენტურას. ეს რომ არ მოხდა ამიტომ კადრულობენ დღეს ყველაფერს. ეს ასე არ გამოვა, ჩვენ ასე წინ ვერ წავალთ. ჩვენი გზა არის ევროკავშირში, თუმცა ევროკავშირთან მისასვლელი გზა უნდა იყოს ღირსეული და ამ გზაზე ჩვენ საკუთარ სინდისზე, მორალზე, ნამუსზე, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე, დამოუკიდებლობაზე უარს ვერ ვიტყვით. მხოლოდ ჩვენ არ ვართ ამ იდეით ხელში. მოუსმინეთ ორბანს, ფიცოს, ძალიან ბევრ იტალიელ პოლიტიკოსს. მოუსმინეთ ევროპაში რა ხდება და ეს ყველაფერი იზრდება. ევროკავშირის შიგნით იზრდება აღქმა იმისა, რომ ის უნდა დარჩეს ნათელ, პროგრესულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე აგებულ კავშირად და არა საბჭოთა კავშირად, სადაც მოსკოვიდან და კრემლიდან წყდებოდა ყველაფერი“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.