ახალი აღმოჩენა აწყურში – მეცნიერებმა ღვთისმშობლის მიძინების სცენის ამსახველი კანკელის ფრაგმენტის შესწავლა დაიწყეს

აწყურის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კანკელის ფრაგმენტი გამოვლინდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წინასწარი სამეცნიერო შეფასების მიხედვით, ღვთისმშობლის მიძინების სცენის ამსახველი ფრაგმენტი განვითარებული შუასაუკუნეების ხანისაა და ამ დრომდე შემორჩენილი არქიტექტურული ნაგებობის თანადროულია.
ამავე დასკვნის მიხედვით, ახლად გამოვლენილი კანკელი მე-11 საუკუნისაა. იგი თეძამის ტუფშია ნაკვეთი და ძალიან ჰგავს ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი კანკელების სტილისტურ ჯგუფს, რომელიც სვეტიცხოვლის, ალავერდის, შიო-მღვიმის, სამთავროსა და საფარას მონასტრების კანკელებითაა წარმოდგენილი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურის თანამშრომლები ახლად გამოვლენილ ფრაგმენტს უახლოეს დღეებში ადგილზე შეისწავლიან.
სავარაუდოდ, სწორედ ახლად გამოვლენილი ობიექტის ნიმუში დაედება საფუძვლად აწყურის საკათედრო ტაძრის ახალი კანკელის დამზადების პროცესს.
პარალელურად, ფონდ „ქართუს“ ფინანსირების საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო პროექტში კორექტირებას, რაც ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტრადიციული ქვის ლორფინით გადახურვას ითვალისწინებს. საპროექტო ცვლილების გამო აწყურის ტაძრის რეაბილიტაციის ვადა 2 წლით გადაიწევს და ის 2024 წელს დასრულდება.
აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაცია, ფონდ „ქართუს“ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით, 2016 წელს დაიწყო. ფონდი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 12,5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს. აღდგენილ ტაძარზე ქვის უძველესი არქიტექტურული დეტალები მაქსიმალურად შენარჩუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები