დავით ბაქრაძე: პუტინი ცდილობს, ისტორიის გაყალბებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს, ქართველები არიან აგრესორები

“ვლადიმერ პუტინის მხრიდან საქართველოს ისტორიის დამახინჯება  არ არის მხოლოდ საქართველოს ისტორიასთან, ჩვენს წარსულთან, ჩვენს ეროვნულ ღირსებასთან ბრძოლა”, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას.
მისი თქმით, ეს არის უაღრესად საშიში პოლიტიკური მეთოდი და გზავნილი, რომლითაც პუტინი ცდილობს, გაამართლოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია.
“პუტინი ცდილობს, ისტორიის დამახინჯებითა და გაყალბებით  საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს, ქართველები არიან აგრესორები, თითქოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არასდროს ყოფილა საქართველო და რუსეთი არის მხოლოდ მშვიდობისყოფელი, რომელმაც დაიცვა მცირე ხალხების უფლებები. ეს არის ტყუილი და ეს არის უაღრესად საშიში და მავნებლური განცხადება, მათ შორის პოლიტიკური განცხადება, რომელიც პირდაპირ ებრძვის საქართველოს ინტერესებს. ამიტომ, აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოთქმული იყოს მკაფიო და ნათელი პოზიცია ამ განცხადებასთან დაკავშირებით. ამასთან, ეს პოზიცია არ უნდა იყოს მხოლოდ ზოგადი და ლამაზი ევროპული ისტორიული სიტყვებით, როგორც ეს გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. დიახ, საქართველოს ისტორია არის ევროპის ისტორიის ნაწილი, მაგრამ ჩვენ პუტინს არ ვედავებით ისტორიულ ნაწილში. დღეს პუტინი იყენებს ისტორიას გენოციდის, ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის გასამართლებლად. ამიტომ ჩვენი მხრიდან პასუხი უნდა იყოს, პირველ რიგში, პოლიტიკური, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთი არის აგრესორი და ვერანაირი ისტორიის გაყალბება რუსეთს ვერ უშველის საკუთარი აგრესიისა და ოკუპაციის გასამართლებლად. ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხი, ეს უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პასუხი და ამიტომ მოვუწოდებ საგარეო საქმეთა მინისტრსაც და პრემიერ-მინისტრსაც, ზოგადი და არაფრისმთქმელი ისტორიული წიაღსვლების ნაცვლად, კონკრეტული პასუხი გასცენ პუტინის პრეტენზიას, რომელიც ვიმეორებ, უაღრესად საშიშ ხასიათს ატარებს, ვინაიდან ის ისტორიის გაყალბებით ცდილობს აწმყოს გამართლებასა და ჩვენი მომავლის დანგრევას”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები