ლევან მახაშვილი: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა დევს სასწორზე, წერილში რამდენიმე კანონის გაუქმებას ითხოვენ

,,წერილი, რომელზეც კაია კალასმა მინიშნება გააკეთა, ეს ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშია უვიზო მიმოსვლის შესრულებაზე, რაც გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა – წერილში რამდენიმე კანონის გაუქმებას ითხოვენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა დევს სასწორზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის ევროკომისიასთან იმუშაოს როგორც საგარეო კონტროლზე, ასევე თავშესაფრისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე, რაზეც წინა ანგარიშებში იყო საუბარი.

„წლების განმავლობაში, ევროკომისიასთან სამუშაო რეჟიმში ვართ, რათა უვიზო მიმოსვლას არანაირი პრობლემა არ შეექმნას. წერილი, რომელზეც კაია კალასმა მინიშნება გააკეთა, ეს ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშია უვიზო მიმოსვლის შესრულებაზე, რაც გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. პრაქტიკულად, ამ ანგარიშის 95 პროცენტი იდენტურია. ევროპელებთან კომუნიკაცია გვექნება, ეს წერილი რამდენად შეიძლება, საჯარო იყოს, მაგრამ 95 პროცენტი იგივე რეკომენდაციებია. თავს უფლებას მივცემ, რომ რამდენიმე საკითხი საჯაროდაც ვთქვა, რადგან ამ დოკუმენტის რეკომენდაციები საჯაროა. კაია კალასმა მითითება ამორჩევით, მხოლოდ ერთზე გააკეთა, მე კი, რამდენიმეს ვიტყვი და საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად სამართლიანია ის მიდგომები და რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირს მოცემული აქვს. როგორც მეშვიდე ანგარიშში, ასევე ამ წერილში რამდენიმე კანონის გაუქმებას ითხოვენ. ვციტირებ – გაუქმდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ასევე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი. ასევე ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ისე შეიცვალოს, რომ ლგბტ პირების უფლებები სრულად დაცული იყოს. ეს არის ის, რასაც სხვა საკითხებთან ერთად ევროკავშირი გვთავაზობს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სასწორზე რა დევს, რომ ეს საკითხი დარეგულირებული იყოს. ევროკომისიასთან მუშაობას გავაგრძელებთ ისე, როგორც წინა ექვსი ანგარიშის ფარგლებში ვმუშაობდით. ეს სამუშაო პროცესია. მზად ვართ, ვიმუშაოთ როგორც საგარეო კონტროლზე, ასევე თავშესაფრისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე, რაც წინა ანგარიშებში იყო საუბარი. დაკავებულებზე არ წერია“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები