„პუტინმა ახალი ფრონტი გახსნა“ – მამუკა არეშიძე პუტინის მიერ ისტორიის გაყალბებაზე
“გუშინ ვლადიმერ პუტინმა რეგიონის ისტორია მთლიანად შეცვალა, ამის დაშვება არაფრით შეიძლება”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ექსპერტმა კავკასიის საკითხებში – მამუკა არეშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
არეშიძე რუსეთის პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც პუტინმა საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და გენოციდში დაადანაშაულა.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ისტორიის გაყალბება მხოლოდ პუტინის ერთი ნათქვამით არ შემოიფარგლება და ამას რუსი ისტორიკოსები გააგრძელებენ. მამუკა არეშიძის თქმით, უმნიშვნელოვანესია, საქართველომ რეალური ისტორია დაიცვას.
„ეს იყო პუტინისა და რუსეთის ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი, ე.წ. ბიზანტიური პოლიტიკური მანევრი, როცა ერთი მხარე ერთი ხელით ერთს აკეთებს, მეორე ხელით – მეორეს. პუტინმა ისეთი სვლა გააკეთა, ვითომ, ძალიან ზრუნავს ქართველ ხალხზე. როგორც ჩანს, გადაწყვიტა, საზოგადოების ნაწილი დაემშვიდებინა საქართველოში და შეენაარჩუნებინა ის გავლენები, რომლებიც აქ რუსეთს აქვს.
მთავარი მისი განცხადების მეორე ნაწილი იყო – ახალი ისტორიის შექმნა. იცოდეთ, რომ ეს მისი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია ნაბიჯია, ახლა რუსული ისტორიული თანამეგობრობა ისტერიკაში ჩავარდება, დაიწყებს ისტორიის გამოცვლას. არ არის გამორიცხული, დაიწყონ დოკუმენტების შეცვლა იმისათვის, რომ დირექტივამ, რომელიც პრეზიდენტისგანაა მიღებული, ცნობიერებაში, მომავალ თაობებში ადგილი მოიკიდოს. ეს არის ახალი ფრონტი, რომელიც პუტინმა გახსნა თავისი განცხადებით. ჩვენ დღეს უნდა დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სამეცნიერო საზოგადოების მეშვეობით მსოფლიოს დაუწყოს ბომბარდირება იმ მასალებით, რომლებიც გვაქვს. ჩვენ ასე მივუშვით არაერთი პროცესი, გარეჯი ამის ძალიან კარგი მაგალითია. ამის დაშვება არაფრით შეიძლება, გუშინ პუტინმა შეცვალა რეგიონის ისტორია მთლიანად. ეს მხოლოდ პუტინის ერთი ნათქვამით არ შემოიფარგლება, ამას გააგრძელებენ რუსი ისტორიკოსები. უმნიშვნელოვანესია რეალური ისტორიის დაცვა“, – განაცხადა არეშიძემ.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ისტორიულ ოკუპაციაში, ასევე, გენოციდში ადანაშაულებს და საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, ისტორია არ დაივიწყოს. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
“ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, თუ სწორად მახსოვს, 1774 წელს შევიდა. შევიდა მთლიანად, მისი სამხრეთი ნაწილიც და ჩრდილოეთიც, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი რუსეთის იმპერიაში შევიდა 1810 წელს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, სამთავრო. შემდეგში ოსეთის სამხრეთ ნაწილი შევიდა ტფილისის გუბერნიაში, არავითარი საქართველო ყოფილა, ეს იყო ტფილისის გუბერნია”, – ამბობს პუტინი.
პუტინის მტკიცებით, რუსეთის იმპერიის ჩამოშლისა და I მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებელმა ქართულმა სახელმწიფომ აფხაზეთის ჩაყლაპვა სცადა გერმანული ძალების დახმარებით.
“1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპანტები სასტიკად მოქმედებდნენ, 1919-1920 წლებში ოკუპანტები ოსეთში უფრო სასტიკად მოიქცნენ. რეალურად, ეს ზუსტად ისაა, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ”, – აცხადებს პუტინი.
მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის დროს ჯერ ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამეკავშირეო სოციალისტური რესპუბლიკა, რომელშიც საქართველო შევიდა. პუტინის თქმით, არც ეს იყო საქართველო. სტალინის დროს კი ჩამოყალიბდა სოციალისტური საქართველოს რესპუბლიკა, რომლის ნაწილადაც იქცა აფხაზეთი. პუტინის თქმით, ბერიამ და სტალინმა საქართველოს მიერ აფხაზეთის ჩასაყლაპად უაღრესად მკაცრი ზომები მიიღეს აფხაზეთში. პუტინის განცხადებით, ეს რეალობა და მძიმე მემკვიდრეობა არ გაითვალისწინა საქართველოს ერთ-ერთმა პირველმა პრეზიდენტმა და აჭარის, აფხაზეთის ავტონომიები გააუქმა, რასაც ძმათა მკვლელი ომები მოჰყვა.
თამუნა შეყილაძე