გიგი უგულავა: პარლამენტში შესვლა არ ყოფილა დაგეგმილი, ვერც იქნებოდა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას პარლამენტში შესვლა დაგეგმილი არ ყოფილა.
როგორც მან საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის შემდეგ განაცხადა, ​უვიცობაა, რომ ეს მოვლენები სახელმწიფო გადატრიალებად შეფასდეს.
„პარლამენტში შესვლა არანაირად ყოფილა დაგეგმილი, ვერც ექნებოდათ. ეს ეპიზოდი – ისევე, როგორც ყველა ნებისმიერი სხვა ეპიზოდი – 200 ჩართული კამერისა და “ლაივის” პირობებში მიდიოდა. ეს არ იყო დაგეგმილი შეხვედრა. ეს იყო, უბრალოდ, ის, რომ ზოგი ერთ აზრს იტყოდა, მეორე ამ აზრს გააბათილებდა და ა.შ.
მელიას გამოსვლა “ონლაინ” საერთოდ არ მომისმენია. მისი გამოსვლის შესახებ გავიგე მეორე დღეს. მელიას გამოსვლა პირადად მე არ მომეწონა, მაგრამ სრული პოლიტიკური უტიფრობა, სამართლებრივი თავხედობა და უვიცობაა ის, რომ მისი გამოსვლა და პარლამენტის წინ შემდგომ განვითარებული ჩხუბი მონათლო სახელმწიფო გადატრიალებად ან რაღაც ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფად. ეს არის სამართლებრივი “ნონსენსი” და მინდა, გითხრათ, პირად საუბრებში გამომძიებლებიც და მოსამართლეებიც აღიარებენ, რომ ეს არის სამართლებრივი პროპაგანდისთვის და არა სამართლის დადგენისთვის წარმოებული გამოძიება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები