“ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ გაცემული ძირითადი რეკომენდაციები კანონმდებლობაში ასახვას საჭიროებს”

„ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ გაცემული ძირითადი რეკომენდაციები საჭიროებს კანონმდებლობაში ასახვას. აქედან გამომდინარე, კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ არ მიგვიღია, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენ გავაანალიზებთ ყველა იმ საკითხს, რაზეც გავცვალეთ პოზიციები, ისინი ასახვას ჰპოვებს პროექტში კანონპროექტის სახით”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც მომზადებულ პროექტთან დაკავშირებით პოზიციების გაზიარება და მთელ რიგ საკითხებზე საბოლოო შეთანხმება იქნება მიღწეული.
„რა თქმა უნდა, ამის შემდეგ დაიწყება საკომიტეტო განხილვა და ლოგიკურია, რომ საკითხების გადახედვისა და ცვლილებების შესაძლებლობა იქნება. ამ ეტაპზე არის თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ დაფინანსების, უფასო საეთერო დროისა და საარჩევნო ადმინისტრაციებთან დაკავშირებული საკითხების გაუმჯობესება საჭიროა და ეს არის აშკარად გამოკვეთილი პოზიცია”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები