ზვიად ძიძიგური: მინდა, ხედავდეს ხალხი, როგორი პოლიტიკური ძალა გვყავს ოპონენტად
„დღესაც რუსთაველზე ტარდება აქცია, სადაც ჩაერთნენ უგულავა და ხატია დეკანოიძე, როგორც სამოქალაქო აქტივისტები, თუმცა არიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
ძიძიგურის თქმით, „ქართული ოცნება” დარჩება თუ წავა, ეს ხალხის არჩევანია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობამ შეხედოს, რა ტიპის რეალური პოლიტიკური ცხოვრებაა დღეს.
„როდესაც ქვეყანაში გყავს ისეთი პოლიტიკური ოპონენტი, რომელიც მუდმივად ცეცხლის წაკიდების მცდელობაშია, ვინმემ რომ დარეკოს ტელევიზიაში ბომბიაო, ხომ გამოცხადდება ევაკუაცია, ხომ გაიყვანთ ხალხს და დაირღვევა რიტმი?! როდესაც ასეთ რამეს აკეთებს მუდმივად პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, არევაზე და გაფუჭებაზე მარტივი არაფერია. მინდა, ხედავდეს ხალხი, როგორი პოლიტიკური ძალა გვყავს ოპონენტად. „ქართული ოცნება” დარჩება თუ წავა, ეს ხალხის არჩევანია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობამ შეხედოს, რა ტიპის რეალური პოლიტიკური ცხოვრებაა დღეს. დღესაც რუსთაველის პროსპექტზე ტარდება აქცია, საიდანაც ჩაერთნენ გიგი უგულავა და ხატია დეკანოიძე, როგორც სამოქალაქო აქტივისტები, თუმცა არიან „ნაციონალური მოძრაობის” წევრები. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენს ქვეყანას მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური ცხოვრების შემთხვევაში აქვს წარმატების საფუძველი.
უმრავლესობის წევრი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დღეს გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, პუტინმა საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე უარი თქვა.
„რაც შეეხება პუტინის განცხადებას და შემდეგ მთავრობის მიერ გაკეთებულ საპასუხო განცხადებას, რა უნდა ექნა საგარეო საქმეთა სამინისტროს ან მთავრობას, დაეგმო პუტინის განცხადება, ეთქვა, გვერჩივნა სანქციები დაგეწესებინათ და მერე გვემოქმედაო?! მე არ ვიცი, პუტინი და დუმა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ერთი ფაქტია, რომ ჩვენი ეკონომიკა მყიფეა, ურთიერთობა რუსეთთან ძაფზე ჰკიდია და ვისაც პასუხისმგებლობა აქვს ქვეყანაში, უნდა მოუფრთიხლდეს ამ ყველაფერს”, – განაცხადა ძიძიგურმა.