დაწყებით კლასებში ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომები დაინერგება

დაწყებით კლასებში კითხვისა და მათემატიკის სწავლებაში ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომები დაინერგება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პროცესში დაწყებითი საფეხურის დაახლოებით 40 ათასი მოსწავლე საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩაერთვება. ასევე დაახლოებით 300 საჯარო და ეთნიკური უმცირესობის სკოლის დაწყებითი საფეხურის I-VI კლასების ქართული ენის, ქართულის, როგორც მეორე ენისა და მათემატიკის მასწავლებლები. დაწყებითი განათლების პროექტი 5 – წლიანია. პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა უნარების კითხვა, ასევე მათემატიკაში, მასწავლებლებისთვის სწავლების ახალი სტრატეგიების გაცნობა, ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველყოფა.
„პროექტმა უკვე დაიწყო პილოტირების პროცესი 122 საპილოტე სკოლაში, სადაც მიმდინარეობს ტრენინგები 1200 მასწავლებლისთვის. 2016 წელს, პროექტის დასრულებისათვის, ქართველი მოსწავლეებისათვის მისაწვდომი იქნება მრავალფეროვანი რესურსები. ისინი მიიღებენ მხარდაჭერას კითხვასა და მათემატიკაში, რაც მათ დაეხმარება, აქტიურად ჩაერთონ სწავლის პროცესში და დაეუფლონ მაღალ სააზროვნო უნარებსა და ცოდნას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პროექტის თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ახალი ინიციატივა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები