„ჩემი უახლოესი მიზანია, მოვიპოვო მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი“ – მოჭიდავე, რომელმაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწია დიდ წარმატებებს

ბავშვობა და სკოლის პერიოდი რუსეთში – მოსკოვსა და შემდეგ უკრაინაში გაატარა. 9-10 წლის ასაკში დაიწყო  ჭიდაობა ძიუდო და ტრავმის გამო 10 წლის განმავლობაში აკრძალული ჰქონდა კონტაქტური ვარჯიშები. მხოლოდ სტუდენტობის დროს, ოდესის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის ფაკულტეტზე, მეორე კურსზე სწავლისას, განაახლა ვარჯიში.
მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ჭიდაობაში, გარკვეულ შედეგებს მიაღწია გრაფლინგსა და შერეულ  ორთაბრძოლებში (MMA). არის საქართველოსა და უკრაინის ჩემპიონი, ოდესის ჩემპიონი, მრავალგზის ტურნირის პრიზიორი. დიდი წარმატებით იასპარეზა ჩინეთის მსოფლიო დონის ტურნირებზეც.
 ნაბიჯნაბიჯ  მიაღწია თავის წარმატებებს. ამბობს, რომ მხოლოდ ადამიანის ნება ცვლის რეალობას – შენი ნებაა, იყო წარმატებული და შენივე ნებაა, შეეგუო შენს უძლურებას. – მოჭიდავე ხვიჩა ქორიძის პერსონა.

– პირველი-ორი კლასი გავატარე ბათუმის პირველ სკოლაში, შემდეგ ჩემი მშობლები გადავიდნენ მოსკოვში და მეც წამიყვანეს. ბავშვობიდანვე ენების დაუფლების განსაკუთრებული მიდრეკილება მქონდა, მეზობლებიც კარგად ფლობდნენ რუსულ ენას. ამიტომ რუსეთში განათლების მიღება არ გამიჭირდა.
მოსკოვის სკოლაში გადასვლისას, თანაკლასელ და თანასკოლელ ბიჭებთან ბავშვურ დონეზე ხშირმა კონფლიქტებმა ის თვისება შემძინა, რასაც ჩვენ ვეძახით „ჟილკას“ და მაშინ მივხვდი, რომ არ არსებობს სირთულე, რომელსაც ადამიანი ვერ დაძლევს.
ჩემი მშობლები სულ ცდილობდნენ, არ მეტირა და არაფრის შემშინებოდა. თვითონაც საკმაოდ უშიშარი პიროვნებები არიან და არაერთი ცხოვრებისეული სირთულე გადაულახავთ ერთად.
არასოდეს დამავიწყდება ბავშვობის ერთი მოგონება – ოჯახის წევრებთან ერთად ვიყავი ჩანჩქერზე, უზარმაზარი სიმაღლიდან მდინარეში უნდა ჩავმხტარიყავი, სადაც მოჩანდა ღრმა ხვრელი.
მდინარე საკმაოდ დაბალი იყო და უსაფრთხოდ გადახტომისათვის საჭირო იყო იმ ხვრელში მოხვედრა…
მახსოვს, ძალიან შემეშინდა, ეს იყო, სავარაუდოდ, ჩემი პირველი გამოწვევა ცხოვრებაში და ამ გამოწვევის მიღება არ მინდოდა, მამაჩემი იყო ჩემ გვერდით და მითხრა – „შემომხედე, ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს,  როცა ჩემ გვერდით ხარ, არაფრის არ უნდა გეშინოდეს!“  სადღაც 5 წლის ვიყავი, მოვებღაუჭე მამაჩემს და ჩავხტით ერთად, საკმაოდ ღრმად ჩავედით.
ეს იყო ჩემი პირველი „რწმენის ნახტომი“, არ ვიცოდი, როგორ დამთავრდებოდა ეს ნახტომი, მაგრამ მწამდა, რომ მამასთან ერთად უსაფრთხოდ ვიყავი და შემეძლო, ყველანაირ გამოწვევას გავმკლავებოდი. ეს იყო  პირველი ნაბიჯი, საიდანაც დავიწყე პიროვნებად ჩამოყალიბება.

პირველი ვარჯიშები

– სტუდენტობა…
– სტუდენტობა გავატარე ქალაქ ოდესაში, დავამთავრე საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის ფაკულტეტი. სტუდენტობის პერიოდმა რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მივიღე უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება  და გადავდგი  პირველი ნაბიჯები დიდი სპორტისკენ.
ჩემი ფაკულტეტი უზომოდ მიყვარს და დღემდე ვაგრძელებ განათლების მიღებას პროფესიული განხრით, თუმცა ჩემი სპეციალობა იმდენად სპეციფიკურია, რომ ძალიან ძნელია პროფესიონალური განხრით მუშაობის დაწყება.
– როდის დაიწყეთ ჭიდაობა?
– 9-10 წლის ვიყავი, რომ დავიწყე  ჭიდაობა ძიუდო და არასწორი დაცემის შედეგად მივიღე კისრის ტრავმა. მას შემდეგ  10 წლის განმავლობაში ამეკრძალა კონტაქტური ვარჯიშები, მაგრამ მამაჩემს სულ ჰქონდა იმედი, რომ ძლიერი ვიყავი და ამ დაბრკოლებასაც დავძლევდი.
2000 -ანის დასაწყისში ვიზრდებოდი მოსკოვში,  საკმაოდ აგრესიული საზოგადოება იყო ირგვლივ და სულ უნდა თავი დამეცვა,  რომ ვინმეს არ დავეჩაგრე.
შემდეგი 10 წლის განმავლობაში პერიოდულად ბუქნებს, მიზიდვებს და „ტურნიკს“ ვაკეთებდი…  იშვიათად დავრბოდი.
10 წლის შემდეგ, სტუდენტობის დროს, ოდესაში, მეორე კურსზე გამახსენდა, რომ უკვე შესაძლებელი იყო კონტაქტურ ორთაბრძოლებში ვარჯიშის დაწყება.
დავიწყე სექციის ძებნა, თავიდან ბოქსის სექციაში  მინდოდა მისვლა, მაგრამ გავიგე, რომ ვინმე რომან დოლიძე, ქართველი სტუდენტი, რომელიც იყო უკრაინის ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლებში, ხსნიდა სექციას.
პირველივე დღიდან დავიწყე სიარული და მაშინვე გამიტაცა ორთაბრძოლებმა, ხოლო შემდეგ გადავერთე გრაფლინგში და დავიწყე ჭიდაობა. როცა გარკვეულ შედეგებს მივაღწიე გრაფლინგში, მივიღე შემოთავაზება, ჩამეტარებინა შეხვედრები შერეულ  ორთაბრძოლებში  (MMA).
როდის მიაღწიეთ პირველ წარმატებას?
– პირველი  რეალური წარმატება, ჩემი  აზრით, იყო მაშინ, როცა ოდესის რეგიონის პირველობის ტურნირზე,  ჭიდაობის ორ წონით კატეგორიაში და ორ სხვადასხვა ვერსიაში  გამოვედი და ორი დღის განმავლობაში  3 ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. ამ შეჯიბრის შემდეგ ვიგრძენი, რომ თუ ბევრს ვიშრომებდი, შემეძლო გრაფლინგში გარკვეული წარმატების მიღწევა.
– ხართ საქართველოს ჩემპიონი, ოდესის ჩემპიონი, უკრაინის მრავალგზის ჩემპიონი…  რომელი ტურნირი იყო ყველზე დასამახსოვრებელი?
– ახლა ვმოღვაწეობ შერეულ ორთაბრძოლებში (MMA) და პარალელურად, გრაფლინგში. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ის, როცა რუსთავის ტურნირზე, გრაფლინგში გავხდი აბსოლუტური ჩემპიონი.  გავიმარჯვე ჩემს წონაში – 66 კილოგრამამდე და ვიჭიდავე ღია წონაში, სადაც შევხვდი 92 კილოგრამის წონის ჩემპიონებს და სხვა მძიმე წონის მოჭიდავეებს.
პროფესიონალური ორთაბრძოლებიდან განსაკუთრებით დამამახსოვრდა 2018 წლის 16 ნოემბრის მსოფლიო დონის საერთაშორისო ტურნირი ჩინეთში, სადაც 5 ქართველი წავედით საასპარეზოდ და 4-მა გავიმარჯვეთ, რაც არასდროს მომხდარა.
ბოლოს, 3 იანვარს, ჩინეთში ჩავატარე ორთაბრძოლა. ჩემი მეტოქე საკმაოდ ცნობილი ჩინელი მებრძოლი მეორე რაუნდის დასაწყისშივე დავამარცხე, რაც  დიდი წინსვლა იყო.
– გყავთ უკრაინელი მეუღლე, რომელიც, როგორც ჩანს, ახლოს იცნობს საქართველოს და ქართულადაც ცეკვავს…
– ირინა უნივერსიტეტში მესამე კურსზე ყოფნის დროს გავიცანი. თვითონ მეორე კურსზე იყო, ჩემსავით დაამთავრა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი და წითელ დიპლომზე მაგისტრატურა – სამეწარმეო, სავაჭრო და საბირჟო საქმიანობის განხრით.
უყვარს სპორტი, ქართული ცეკვები. მისი გვერდით ყოფნა და სულიერი სიმშვიდე ძალიან მეხმარება. სადაც არ უნდა ვიყო,  როცა იქ, სახლში, ყველაფერი რიგზეა,  მთლიანად კონცენტრირებული ვარ ჩემს მიზნებზე.
როგორი ჩანს საქართველო შორიდან?
– საქართველოს ფასი რომ გაიგო, გარკვეულ ხანს უნდა იყო საზღვარგარეთ. ახლა ვცხოვრობ საქართველოში და ეს ჩემს უდიდეს მიღწევად მიმაჩნია. ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში ცხოვრება ძნელია ან რთულია, ასე მოაზროვნეთა 90%-ს არ უცხოვრია საზღვარგარეთ და არ განუცდია ის შეგრძნება, როგორი უცხო ხარ იქ.
შენი პოტენციალის 100%-ს უცხო ქვეყანაში ვერ გამოავლენ.
ვისაც  მიზნად აქვს საზღვარგარეთ წასვლა და მუშაობა, როცა ცდილობ საკუთარ თავზე მუშაობას, რასაკვირველია, ასეც შეიძლება წარმატების მოპოვება. მაგრამ  იმ შემთხვევაში, თუ შენი მეწარმეობა გაქვს, სასურველია, შენს ქვეყანაში განავითარო.
მაგალითად, სპორტში  ჯობს საზღვარგარეთ  იბრძოლო საქართველოს სახელით და  თუ გახსნი სავარჯიშო დარბაზს, უკეთესია გახსნა საქართველოში, რომ შენივე ქვეყანაში ამ დარგში რაღაც წვლილი შეიტანო. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოში უფრო დაფასდება, ვიდრე საზღვარგარეთ.
მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ ვინმეს სურს, შეცვალოს რეალობა, უნდა იყოს თავის ქვეყანაში, სადაც საზოგადოების სრულყოფილი წევრია, და არა უცხო კულტურის მატარებელი პიროვნება.
როგორც მითხრეს, ნაბიჯნაბიჯ მიაღწიეთ წარმატებებს და დამაბრკოლებელი ბარიერებიც გქონდათ
– ყველა დიდი და მნიშნელოვანი შედეგი  ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღწევა. რამდენი შემთხვევა ყოფილა, რომ ლატარეაში მილიონობით თანხა მოუგიათ, მაგრამ პიროვნულად არ ყოფილან მზად ამხელა თანხისთვის  და ერთ წელში დაუკარგავთ ყველაფერი. კონკურენცის პირობებში, ხანგრძლივი და მძიმე შრომის გარეშე არ არსებობს შემდეგი.
მაგალითად, როცა მე ვმუშაობ დღეში 6 საათს და სხვა  – 7 საათს, გამოდის, რომ მოწინააღმდეგეს 365 საათით  ჩემზე მეტი აქვს ნამუშევარი და, რა თქმა უნდა, ჩემზე წინ არის.
ათასი რაღაც გიშლის ხელს ადამიანს მიზნის მიღწევაში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები იყო ჯანმრთელობის პრობლემა და სწავლა უნივერსიტეტში. დღეს ეს გადალახული წარსულია, ხელები რომ ჩამომეყარა და არ გამეგრძელებინა ჩემი გზა, არ  მეცოდინებოდა, სად და ვინ ვიქნებოდი.
რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– ვფიქრობ, ყველა არის იქ, სადაც აწყობს ყოფნა, თუ არ აწყობს ვინმეს თავისი პოზიცია სოციუმში და დისკომფორტს განიცდის, ეს აიძულებს, შეცვალოს მის ირგვლივ რეალობა. ძალიან არ მომწონდა ჩემი ფიზიკური სისუსტე 19 წლის ასაკში. ეს იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც მიმიყვანა შერეულ ორთაბრძოლებში.
ჩემი  აზრით, მხოლოდ ადამიანის ნება ცვლის რეალობას. შენი ნებაა, იყო წარმატებული და შენივე ნებაა, შეეგუო შენს უძლურებას.
რადგან სიტყვამ მოიტანა და, სურვილი მექნებოდა, რომ არაკომპეტენტურმა ადამიანმა საკუთარ თავს არ მისცეს იმის უფლება, იმსჯელოს იმ თემაზე, რაშიც არ არის კომპეტენტური. სამწუხაროდ, საქართველოში ეს დიდი პრობლემაა.
ამ თემაზე კახი კავსაძემ „ვანოს შოუში“ საინტერესოდ ისაუბრა.  როცა ვანომ ჰკითხა კახის – „გვეშველება რამე?“ – კახი დაჯდა დივანზე და დაიწყო: „მრავალჟამიერ, მრავალჟამიერ“… ვანო აჰყვა – „მრავალჟამიერ, მრავაააალჟამიეეერ“.
კახი ეკითხება – „შენ სიმღერა არ იცი?“ ვანო პასუხობს – „სიმღერა არ ვიცი“, კახი ისევ უსვამს კითხვას – „მერე რატომ მღერიხარ, კაცო?“ – რაზეც ვანო პასუხობს – „მეგონა, ავყვებოდი-მეთქი“.
კახი ეკითხება – „გადაცემის წაყვანა იცი?“ პასუხად ღებულობს – „კი“,  რაზეც კახი კითხვას უბრუნებს: „მერე წაიყვანე, კაცო, რატომ მღერიხარ?“
ვანო იწყებს ახსნას – „ვიფიქრე, რომ“… და კახი აწყვეტიებს – „არ უნდა მაგას ფიქრი, შენ უნდა წაიყვანო გადაცემა, მე ვარ არტისტი, მე შეიძლება ვიმღერო, შენ შენი საქმე უნდა გააკეთო, ხომ? მე ჩემი საქმე უნდა გავაკეთო.
ყველამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს. მაგრამ უბედურება, იცი, რა არის? ახლა კიდევ რომ დავიწყო სიმღერა, შენ ისევ ამყვები და ამიტომ არასდროს არაფერი არ გვეშველება!“
– ჰობი…
– პრედიკატული ლოგიკა, როგორც აკადემიური საგანი, აკირა კუროსავას ფილმები, პრე-მოდერნის ფილოსოფია და მოდერნის ეპოქის ფილოსოფოსები, კომპიუტერული თამაშები, გემრიელი მრავალფეროვანი საჭმელები.
შვედეთში, სტოკჰოლმში იგეგმება თქვენი შემდეგი ტურნირისამომავლო გეგმები
– ჩემი შემდეგი ბრძოლა იქნება ჩინეთში, რევანში მექნება ჩემს ბოლო ოპონენტთან, რომელიც დავამარცხე ბოლო ბრძოლაში, სპორტში ჩემი უახლოესი მიზანია, მოვიპოვო მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები