რა შემთხვევაში უჩივლებს თინა ხიდაშელი ჟურნალისტს?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ეხმაურება გაზეთ „კვირის ქრონიკის“ სტატიას, სადაც პარტიის ლიდერების ყოველთვური ხელფასების სიაა გამოქვეყნებული. როგორც ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია თამარ რომელაშვილის ხელფასის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, თავად რომ თამარის ადგილზე იყოს, სტატიის ავტორს უჩივლებდა და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოსთხოვდა.
„წავიკითხე სტატია და გავიგე ,რომ ჩემს პარტიაში (სხვების არაფერი ვიცი, თუმცა ისინი გაცილებით უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებიან სტატიის მიხედვით, რა თქმა უნდა) არსებობს თანამშრომელი, რომელსაც ხელფასი 16,800 ლარი აქვს. სიმართლე უნდა ითქვას, ჩვენს შემთხვევაში არ არის მითითებული საოცნებო სიტყვა “ყოველთვიური”, მაგრამ რადგან აქ იმაზეა საუბარი, რომ წლიური ნიშნულია და პრაქტიკულად ყველა დანარჩენს ეს მაგიური სიტყვა თან სდევს, ბუნებრივად რჩება რწმენა მკითხველს, რომ ეს ბაიას ანუ, იგივე თამარ რომელაშვილის ყოველთვიური ანაზღაურებაა. ჰოდა, ჩემო ძვირფასი სტატიის ავტორო, როგორ მინდა მეგობრებში მყავდე, რომ დაგთაგო ,მაგრამ როგორც ჩანს, ან არ გიცნობ, ან ეს ფსევდონიმია. მინდა, გითხრა, რომ ბაია ისეთი ადამიანია, იმდენ საქმეს აკეთებს და 24/7 მუშაობს, პარტიას რომ ჰქონდეს ამდენი შემოსავალი, ესეც არ დაგვენანებოდა მისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის, და ეს მისი სრული, ანუ დასაბეგრი წლიური შემოსავალია, რაც ყოველთვიურად დაბეგვრის შემდეგ მხოლოდ, მაგრამ არ დავწერ იქნებ იმარჯვო და გამოთვალო, რამდენს შეადგენს.
პრინციპში ეს ისეთ ტყუილია, რომელიც ფაქტის გაყალბებაა და ამაზე ადამიანმა შეიძლება გიჩივლოს კიდეც საქმიანი რეპუტაციის შელახვის ამბავში და რა ვიცი, აბა, იქნებ დაკვირვებოდით, რას წერთ, როგორ წერთ, რას იგონებთ და რას იტყუებით. მერე დაიწყებთ: მედიის დამოუკიდებლობა, სიტყვის თავისუფლება, რასაც გვინდა დავწერთო, და ვინმე რომ შემოგედავებათ, მაშინვე განგაშის წითელ დროშებს ფენთ, და ისე მე რომ ბაიას ადგილას ვიყო, კი წავიდოდი სასამართლოში და მაგ 16800 ლარს მორალურ ზიანად მოგთხოვდით“, – წერს თინა ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები