საქართველოს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ, მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, სასამართლოს განჩინებით მას სხვა ვალდებულებებიც დაეკისრა. ამ ვალდებულებების მიხედვით, ნიკა მელია საცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას ასევე აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მას ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.