ნატო რუსეთს მცირე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების დაცვისთვის ვადას 2 აგვისტომდე აძლევს

ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალი ხვალიდან იწყება. განსახილველ თემებსა და რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განმარტებები მედიასთან გააკეთა.
მისი თქმით, თუ რუსეთი 2 აგვისტომდე მცირე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების დაცვას არ განაგრძობს, ნატო-ს მოუწევს, კონკრეტული გადაწყვეტილებებით უპასუხოს.
„ჩვენ, ასევე, განვიხილავთ რუსეთის მიერ მცირე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების შეთანხმების დარღვევას. რუსეთმა 2 აგვისტომდე დადასტურებულად უნდა გაანადგუროს მისი SSC-8 რაკეტები, რომელიც შეთანხმებას არღვევს. აშშ და სხვა მოკავშირეები წლების განმავლობაში ცდილობდნე,ნ განეხილათ რუსეთთან მათი ახალი სარაკეტო სისტემა, მათ შორის ნატო-რუსეთის საბჭოზე. ჩვენ მომავალ კვირას ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრას ვგეგმავთ ამ საკითხების კვლავ წამოსაწევად. მოვუწოდებთ რუსეთს, პასუხისმგებლობით შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ ვერავითარი მინიშნება, რომ რუსეთი ამისკენ მიისწრაფის. სინამდვილეში, ის განაგრძობს ახალი რაკეტების განვითარებასა და განთავსებას“, – თქვა სტოლტენბერგმა.
გენერალური მდივნის თქმით, თავდაცვის მინისტრები ალიანსის მოდერნიზების შესახებ იმსჯელებენ, რათა შემაკავებელი ზომები და თავდაცვა ეფექტურად უზრუნველყონ.
„მხოლოდ ხუთი კვირა დარჩა რუსეთს შეთანხმების გადასარჩენად. ხვალ ჩვენ გადავწყვეტთ ნატო-ს შემდგომ ნაბიჯებს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ დაიცავს მას. ჩვენი პასუხი იქნება თავდაცვითი, მოზომილი და კოორდინირებული. ჩვენ სარკისებურად არ გადავიღებთ იმას, რასაც რუსეთი აკეთებს. ჩვენ მიზნად არ ვისახავთ ევროპაში ახალი სახმელეთო ბირთვული რაკეტების განთავსებას. ჩვენ არ გვსურს, ახალი რბოლა შეიარაღებისთვის. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი შემაკავებელი ზომები, თავდაცვა სანდო და ეფექტური იყოს. ეს ნატო-ს ამოცანაა. ეფექტური შემაკავებელი ზომები და თავდაცვა ასევე ნიშნავს ტექნოლოგიურ სფეროში მოწინავე პოზიციას. მათ შორის ხელოვნური ინტელექტს, კვანტურ გამოთვლებსა და შემდგომი თაობის კომუნიკაციებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები