დავით უსუფაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი რეალობად უნდა ვაქციოთ და უნდა გავამაგროთ შეთანხმება პროპორციული სისტემის თაობაზე

0

ჩვენ, „შენების მოძრაობას“ და მე მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი რეალობად უნდა ვაქციოთ და აუცილებლად უნდა გავამაგროთ შეთანხმება პროპორციული სისტემის თაობაზე, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„ბევრი საკითხია გაურკვეველი და ეს განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების ფორმაში უნდა ვნახოთ, რათა პასუხი გაეცეს კითხვებს – ეს ერთჯერადი ღონისძიებაა თუ ზოგადად, ამ უბარიერო სისტემაზე გადავდივართ; ეს არის ბლოკების დაშვებით თუ ბლოკების აკრძალვით და ა.შ. ბევრი სხვა დეტალია. ამიტომ, ჩვენ, „შენების მოძრაობა“ და მე ვთვლით, რომ ივანიშვილის ეს ნაბიჯი რეალობად უნდა ვაქციოთ და აუცილებლად უნდა გავამაგროთ-დავამაგროთ შეთანხმება პროპორციული სისტემის თაობაზე. დანარჩენ დეტალზე უნდა გავაგრძელოთ საუბარი. მათ შორის, ბარიერთან დაკავშირებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ დაიჟინებს და ე.წ. ნულოვან ბარიერს დატოვებს, ამაზე წასვლაც საჭიროა, რათა ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების პრაქტიკა დამკვიდრდეს.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რატომ მიიჩნევს ის უპირატესად გარკვეული ბარიერის არსებობას ნულოვან ბარიერთან შედარებით, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს მოსახლეობა, მაგრამ წარმოდგენილი უნდა იყვნენ რეალური პოლიტიკური ძალები და არა, პოპულარული ინდივიდები, რომლებსაც 12-13 ათასი ხმის მოგროვება შეუძლიათ.

„მსოფლიოში უფრო მეტად, ორიდან ხუთ პროცენტამდე ბარიერებია გავრცელებული, საქართველოში კი, სამ და ხუთპროცენტიანი ბარიერის გამოცდილება გვაქვს. ეს საკითხი და ამ საკითხზე აზრთა ურთიერთგაცვლა არ უნდა იქცეს საბაბად, რომ ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დღევანდელი პოლიტიკური განაცხადი უკან წაიღონ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პროპორციული არჩევნები იმიტომ არის კარგი, რომ ის მრავალპარტიულობას ანუ თავისუფლებას უზრუნველყოფს და მინიმუმამდე ამცირებს სახელისუფლებო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობას.

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ნულოვან ბარიერს არავინ ითხოვდა და ის ბიძინა ივანიშვილმა თავად ჩართო თავის განცხადებაში.

„მან გვითხრა – გოგოებო და ბიჭებო, ახალგაზრდებო, იძულებული ვარ, დაგეთანხმოთ და პროპორციული არჩევნები შემოვიღო, მაგრამ მთლად ვერ ჩაგბარდებითო. ამიტომ გარკვეული მანევრებისთვის რაღაცას ჩემთვის ვიტოვებო. ამ ვითარებაში იმ გარკვეული მანევრების თაობაზე დისკუსიაში არ უნდა ჩავყვეთ?! იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი უკან დაგვრჩება და ეს ქვეყანა ისევ მიშა-ბიძინას, „ნაცი-ქოცის“ და „ქოცი-ნაცი“ს ჭიდილში დარჩება. ჩვენ პროპორციული არჩევნები უნდა გავამაგროთ-დავამაგროთ და დანარჩენ საკითხებში წინ წავიდეთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი